გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხოხბები გორში, ტანას ხეობაში

28-06-2018

შალვა ტრამაკიძის ოჯახი 1990-იან წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალიდან დისევში გადასახლდა. დისევი კი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა დაიკავეს. დევნილი ოჯახი გორის რაიონში გადმოსახლდა. მისმა მამამ საცხოვრებლად მდინარე ტანას (ატენის) ხეობა შეარჩია.

,,მამაჩემს ძალიან მოეწონა ეს ადგილი. სოფლის შესასვლელი განსაკუთრებით ჩვენი სოფლის შესასვლელს ჰგავდა. ვიყიდეთ სახლი და აქ დავიწყეთ მეურნეობა“ - გვეუბნება შალვა ტრამაკიძე.

მისი როლი ქართულ-ოსური ურთიერთობებში განსაკუთრებულია. წლების განმავლობაში პოლიციაში მუშაობდა. 2006-2012 წლებში სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა - სწორედ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მიმართულებით. რამდენიმე წლის წინ, შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, დღეს კი, იმ სოფელში, რომელიც ძალიან ჰგავს დისევს, მეურნეობას მისდევს.


ხოხბების მოვლა


,,ხოხბები ადამიანებივით არიან, ძალიან ჭკვიანები არიან. ამავე დროს, სუფთა. აქ რომ ქათმის ფერმა ყოფილიყო, ვერც კი შემოხვიდოდით, გაუსაძლისი სუნი იქნებოდა. ამათ კიდევ, სუნი არა აქვთ. ძალიან ბევრ ლიტერატურას გავეცანი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ლიტერატურაში სრული მონაცემები არა აღწერილი,“ - ამბობს შალვა ტრამაკიძე.

მაგალითად, თუკი საუბარია იმაზე, რომ ხოხობი 10-12 კვერცხს დებს ერთ ჯერზე, შალვა ტრამაკიძე ამბობს, რომ ეს ველურ გარემოშია შესაძლებელი:

,,თუკი ავაცლით ხოლმე კვერცხებს, შეიძლება 70 კვერცხიც დადოს. ძალიან გემრიელი კვერცხები აქვს, ქოლესტერინს არ შეიცავს მისი ხორცი. რესტორნებიდან მოსულ წარმომადგენლებს მიაქვთ-ხოლმე. ასევე, მოსახლეობას. ვისაც ვაჩუქე, ყველამ დაიტოვა და გაამრავლა. დღეს უკვე ბევრ ოჯახში ამრავლებენ,“ - გვიყვება ფერმერი.

ხოხბების გამრავლების დროს ყველაზე რთულ პერიოდად ითვლება დაბადებიდან ერთი თვე. ,,სითბო ჭირდებათ. ამიტომ, ეს ერთი თვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. შემდეგ კი, ძალიან ეგუებიან გარემოს. აქ განსაკუთრებით, ძალიან კარგი გარემოა.“

შალვა ტრამაკიძე თვლის, რომ კოლხეთის დაბლობს გარეთ გამრავლებული ხოხობი აღარაა კოლხური ხოხობი:

,,კოლხური ხოხობი შეიძლება ვუწოდოთ იმ ხოხობს, რომელიც კოლხეთის დაბლოზე ბინადრობს. სხვაგან, მაგალითად, აქ ან კახეთში გამრავლებული ხოხბები აღარ არიან კოლხურები. იქ სხვა კლიმატური პირობებია და, შესაბამისად, იმ კლიმატისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვთ,“ - ამბობს შალვა ტრამაკიძე.


როდესაც ფერმაში შედის, ისინი მას ჩუმად უყურებენ, უფრო სწორად, ათვალიერებენ. ხოხბები საკუთარ პატრონს სცნობენ. უცხოს გამოჩენისას კი, ბადეებს აწყდებიან და გაფრენას ცდილობენ. აქტიურობს, განსაკუთრებით, ლიდერი, რომლის ქმედება სხვებისთვის მისაბაძია:

,,100 მამალი რომ ერიოს, მაინც ერთი ლიდერი ჰყავთ. თუ იმ ლიდერმა რაღაც დააშავა, მერე სხვა ხდება ლიდერი. სიტუაციას ლიდერი არეგულირებს,“ - ამბობს შალვა ტრამაკიძე, რომელიც უკვე 9 წელია სოფელ წედისში ცხოვრობს.

მეურნეობის გაშენება 32 ფრთა ფრინველით დაიწყო. ხოხბები ქარელელმა მეგობარმა აჩუქა. დღეს უკვე, მისი ფერმა რამდენიმე სექციებად იყოფა. სხვადასხვა ასაკის ხოხბები სხვადასხვა განყოფილებებშია მოთავსებული.

,,სხვადასხვა ასაკისები განცალკევებული უნდა იყოს. ერთად არ არიან. განსაკუთრებით, ლამაზები არიან ზამთარში. თეთრ თოვლის ფონზე. ახლა რაც გვყავს, ძირითადად პატარები არიან. როგორც კი მოიზრდებიან, ფერი ეცვლებათ, მამლებს განსაკუთრებით. დედლები მწყრის ფერში რჩებიან,“ - ამბობს შალვა ტრამაკიძე.


"შიდა ქართლი"