2-11-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ამ უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაში, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნას ეყრება საფუძველი.
მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდება „ღია მეცნიერების ფორუმი“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით გაიმართება. სწორედ აღნიშნული ფორუმის ფარგლებში ფუძნდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი, რაც ნამდვილად გამორჩეული მოვლენა გახლავთ საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდიდარი ტრადიციების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც რეგიონის მასშტაბით უკვე მრავალი წელია ემსახურება ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლებისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განვითარების საქმეს.
2022 წელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ნამდვილად განსაკუთრებულია – მიმდინარე წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და აიმაღლა სტატუსი, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სადოქტორო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერთან ერთად, ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნება უნივერსიტეტისთვის კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი იქნება მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოების მიმართულებით. მსურს, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა განსაკუთრებით მივულოცო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს, აკადემიურ პერსონალს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკის, ეროვნული სტრატეგიისა და EOSC (EuropeanOpenScienceCloud)-ის ეროვნული პლატფორმის განვითარების კუთხით, რაც ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო სივრცის ევროპული ღია მეცნიერების ერთიან კონტექსტში გააზრების წინაპირობას წარმოადგენს.
ღია მეცნიერების პოლიტიკის ხელშეწყობა ევროკავშირის ყველაზე დიდი კვლევითი და ინოვაციური ჩარჩო პროგრამის HorizonEurope-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. უახლესი ცოდნის გავრცელების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერის მიზნით, ევროკომისია მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის – ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ინიციატივას, რაც სხვადასხვა ელექტრონული სერვისის შექმნის გზით ევროპის სამეცნიერო-კვლევითი სივრცის გაერთიანებას ისახავს მიზნად.
სიმბოლურია, რომ გასულ წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში HorizonEurope-ის საგრანტო ოფისი გავხსენით, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას უწყობს ხელს და რეგიონის საჭიროებებს ემსახურება.
მინდა, კვლევისა და ინოვაციების სფეროში ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი HorizonEurope-ის წევრობის მნიშვნელობას. მოგეხსენებათ, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, HorizonEurope-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში საზეიმო ვითარებაში მოვაწერეთ ხელი და სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე საქართველოში HorizonEurope-ის ეროვნული ოფისი დავაფუძნეთ, რაც ჩვენს მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, როგორიც აქვთ მათ კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
მნიშვნელოვანია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი დაარსების დღიდან დაიწყებს თანამშრომლობას გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან, რომელიც ციფრული ჰუმანიტარიის უმძლავრესი კერაა მსოფლიოში. მხარეებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით „ღია მეცნიერების ფორუმის“ ფარგლებში შესაბამისი მემორანდუმიც გაფორმდება, რომლის საფუძველზეც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ეს გახლავთ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველოს სამეცნიერო სფერო ევროპული კვლევითი სივრცის განუყოფელი ნაწილია.“
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ნოემბერში იწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. შედეგად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მალე ექნება ბიბლიოთეკის სრულიად ახალი შენობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც, სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიების ჩატარებით, სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს გახდის.
ღონისძიების ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიკოსის, გიორგი სოსიაშვილის წიგნის „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციაც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ნაშრომიფუნდამენტურიხასიათის გამოკვლევას წარმოადგენს და ისტორიული გეოგრაფიის, ლოკალური ისტორიისა და მხარეთმცოდნეობით სფეროს განეკუთვნება. მასში დაწვრილებითაა შესწავლილი პატარა ლიახვის ხეობის როგორც ოკუპირებული, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სამეურნეო-კულტურული განვითარების ისტორია, დემოგრაფიული მონაცემები, მოსახლეობის განსახლება თუ საქმიანობა, სამიმოსვლო გზები, მატერიალური კულტურის ძეგლები და მათზე შემორჩენილი წარწერები.
ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია.
„ღია მეცნიერების ფორუმი“ საქართველოში პირველად 2022 წლის 2 ნოემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლისა და ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები. აღნიშნული ფორუმი მიზნად ისახავს, სამმხრივი შეხვედრების ფორმატში ღია მეცნიერების ღრუბლის ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და ეროვნულ დონეზე EOSC-ის ელჩების გადამზადებას.