გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გუგული მაღრაძე 7 ნოემბრის მოვლენებზე: მაშინდელმა პარლამენტმა თვითნებურად გაიგრძელა ვადა და არანაირ დემოკრატიაზე საუბარი აღარ იყო

8-11-2022

7 ნოემბერი გარდამტეხი დღეა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. 7 ნოემბრის განცხადებამდე სპონტანურად არ მივსულვარ, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანებისათვის ცოტა ძნელი იყო ყველაფრის შეგუება, რაც იქ ხდებოდა - ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა, გუგული მაღრაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

 

გუგული მაღრაძე 2004 წლის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო და უფრო ავტორიტარული ხდებოდა. მისივე თქმით, მაშინდელმა პარლამენტმა თვითნებურად გაიგრძელა ვადა და არანაირ დემოკრატიაზე საუბარი აღარ იყო.

 

„2004 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, იყო ადამიანების ჯგუფი მათ შორის მეც, რომელსაც სჯეროდა, რომ ახალი ძალა მოვიდა და რაღაც კარგი გაკეთდებოდა, მაგრამ თანდათანობით ის შეპირებები და პროექტები დარჩა ცალკე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო და უფრო ავტორიტარული ხდებოდა. ადამიანების უფლებებზე საერთოდ ლაპარაკი არ იყო და ამის გამო გარკვეული შინაგანი შეუთანხმებლობა იყო მათ პოზიციასთან. როდესაც ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და სხვათა შორის, იურიდიულად სწორ რამეს მოითხოვდნენ, ჩვენმა მაშინდელმა პარლამენტმა თვითნებურად გაიგრძელა ვადა და თუკი მაისში უნდა ყოფილიყო 2008 წლის არჩევნები, დაადგინა, რომ ოქტომბერ-ნოემბერში იქნებოდა. არანაირ დემოკრატიაზე ლაპარაკი არ არის და გადალახეს ყოველგვარი ზღვარი.

 

ვხედავდი, რომ უმრავლესობა არ აპირებდა არაფრის დათმობას და შეიძლება ისეთი შეჯახება მომხდარიყო, რაც ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან მავნე. მე შევთავაზე ორივე მხარეს მოლაპარაკება, შეიძლება კომპრომისი მოინახოს, მაგრამ ამას უმრავლესობაში სერიოზული გამოძახილი არ მოჰყოლია და უფრო და უფრო მძიმდებოდა სიტუაცია. უმრავლესობაში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა გამოეყენებინათ ძალა. იქ უკვე ყოველგვარი კონტროლი იკარგება და ვერავინ განსაზღვრავს ამ ძალის გამოყენება არის სიტუაციის შესაბამისი თუ გადაჭარბება.

 

ამიტომ, მეც უნდა ამეღო პასუხისმგებლობა, როგორც უმრავლესობის წევრს. გავაკეთე განცხადება, რომ გამოვდივარ უმრავლესობიდან. ამასთან ერთად, მოვუწოდე ხელისუფლებას პირველ რიგში, პრეზიდენტს და მის ვიწრო წრეს, რომ მოენახათ გზა იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის წინ იყვნენ საპროტესტო აქციაზე, ჩვენი მოქალაქეები არიან და უნდა გაუწიო ანგარიში. არც მეგონა, თუ ასეთი რეზონანსი ექნებოდა ამ განცხადებას. ჩემმა ნათესავმა, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს მითხრა, რომ გაზეთში ნახა ჩემი სურათი, სადაც ეწერა, რომ პარლამენტის გავლენიანმა წევრმა, პრეზიდენტის დედის მეგობარმა დატოვა უმრავლესობა. ეს ძალიან ბუნებრივი იყო ჩემთვის იმიტომ, რომ მე სადაც ვარ და ვერაფერს ვცვლი იქ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ამიტომ მოვნახე ეს გზა და მაშინ მივხვდი, რომ ხალხთან ყოფნა არის ყველაზე დიდი ჯილდო პოლიტიკოსისთვის“- განაცხადა გუგული მაღრაძემ.