გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა

11-11-2022

შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მიხაელ შეფმანმა უმასპინძლა.

        

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ციურიხის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტს საქართველოშიგანხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.

 

საუბრისას მინისტრმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი მეგა-პროექტი რეალობად იქცა.

 

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ და უნივერსიტეტის კარი ღიაა შვეიცარიელი პროფესორებისთვის და სტუდენტებისათვისაც. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ის მოხარული იქნება, თუკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ციურიხის უნივერსიტეტი ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების კუთხით ითანამშრომლებენ.


მინისტრის თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან – დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შვეიცარიელ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.

 

თავის მხრივ, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მიხაელ შეფმანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. მიხაელ შეფმანი განსაკუთრებით დაინტერესდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით და ადრონული თერაპიის ცენტრით და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით პარტნიორობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.


მიხეილ ჩხენკელმა მიხაელ შეფმანთან ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამისაღდგენისა და განვითარების საკითხი განიხილა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. მინისტრის თქმით, მისთვის საამაყოა, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის სწავლებას გამოჩენილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა კიტა ჩხენკელმა ჩაუყარა საფუძველი.


შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ციურიხის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – გლობალურ საქმეთა განყოფილების გუნდის ლიდერმა რაფაელ კუნზმა,  გლობალური შეთანხმების (დიალოგების) მიმართულების მთავარმა პროექტ მენეჯერმა ტიფანი მერზ-ჩეოკმა, ციურიხში საგარეო საქმეთა ოფისის წარმომადგენელმა დანიელ მიულერმა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ.