გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების, ე.წ. PEFA-ს 2022 წლის შეფასებით 31-დან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება

17-11-2022

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სრულყოფილად ხდება საბიუჯეტო ოპერაციების აღრიცხვა, მათი ანგარიშგება და ზედამხედველობა.


მისი თქმით, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების, ე.წ. PEFA-ს შეფასება.


„2018 წლის შეფასებით, ინდიკატორების მხოლოდ ნახევარში გვქონდა უმაღლესი შეფასება, თუმცა მსგავსი შედეგი ამავე მეთოდოლოგიით შეფასებულ არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა. 2022 წელს განხორციელებული შეფასებით, 31-დან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება და მხოლოდ 3 ინდიკატორში გვაქვს შედარებით დაბალი მაჩვენებელი. ამ შეფასების ვალიდირებული ვერსია წლის ბოლომდე გახდება საჯარო, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ვალიდირებული შედეგები, რაზე დაყრდნობითაც, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო შეფასების მიხედვით გაუმჯობესებულია:


საბიუჯეტო დოკუმენტაციის ყოვლისმომცველობა;
სახელმწიფო ინვესტიციების მართვა;
ვალის მართვა;
შესყიდვები;
შიდა და გარე აუდიტი;
აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმება/განხილვა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, PEFA – ეს არის საჯარო ფინანსების მართვის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო ფინანსების მართვის შესრულების საფუძვლიან, თანმიმდევრულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ფასდება:

ბიუჯეტის სანდოობა;

საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა;

აქტივებისა და ვალდებულებების მართვა;

პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგია და ბიუჯეტირება;

ბიუჯეტის აღსრულების პროგნოზირება და კონტროლი;

აღრიცხვა და ანგარიშგება;

გარე ანალიზი და აუდიტი;


ფინანსთა მინისტრის თქმით, საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობის სრულყოფისა და გამჭვირვალობის ზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტთან ერთად, კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებებით:


ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებში აისახება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების ფისკალური ოპერაციები;
ბიუჯეტთან ერთად სავალდებულო ხდება საგადასახადო დანახარჯებზე ინფორმაციის წარმოდგენა;
სავალდებულო ხდება მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეფასება და შედეგების პარლამენტისთვის წარდგენა ბიუჯეტთან ერთად.


„გარდა ამისა, წლის ბოლომდე, დამტკიცდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ახალი 2023-2026 წლების სტრატეგიას, სადაც წლების მიხედვით გაიწერება ყველა ის რეფორმა, რომელთა განხორციელება კიდევ უფრო გააუმჯობესებს ისედაც საკმაოდ კარგ შედეგებს. ამ მიმართულებით სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ჩვენი რეფორმები, როგორც საჯარო ფინანსების, ასევე, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.