გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელ სენატორებს:- საქართველომ უნდა გადახედოს აშშ-თან მიმართებით არა სტრატეგიულ არჩევანს, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმას

17-11-2022

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის სენატორებს ჯინ შაჰინს, ბენ კარდინის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპის საკითხებში კარენ დონფრიდს პასუხობს:

 

„ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს იმას, რომ ევროპიდან თუ ამერიკიდან რიგი პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ შეფასებებს უნდა ვუსმინოთ, შემდეგ ფრთხილი კომენტარები ვაკეთოთ და ბოლოს, როგორც ყოველთვის, მობოდიშებით წარსულს ჩავაბაროთ. ამ ქმედების ახსნას კი „მორჩილები“  შემდეგნაირად გვთავაზობენ: - ჩვენ  პატარა ქვეყანა ვართ და პასუხის გაცემის უფლებაც კი არ გვაქვს, აღარაფერს ვსაუბრობ შელახული ღირსების დაცვაზე. მოძრაობა „ხალხის ძალა“ სწორედ ამ დოგმებს ამსხვრევს.

 

სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა: - „ხომ არ არის დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში“. მინდა ვუპასუხო, დიახ, ამის დრო ნამდვილად დადგა. ჩვენი მოძრაობაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია შეიცვალოს არა ჩვენი სტარტეგიული არჩევანი აშშ-თან მიმართებით, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმა. უნდა შეიცვალოს დღეს არსებული არასწორი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამან მიიღოს ღირსეული, თანასწორული და ორმხრივი პარტნიორობის სახე.

 

ის, რაც დღეს მოვისმინეთ, სხვა არაფერია, თუარა უსაფუძვლო დადანაშაულება საქართველოს ხელისუფლების. მინდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის სიტყვას ასრულებს ყველა საკითხზე უპირველეს ყოვლისა,  საკუთარ ხალხთან და მერე სხვა ქვეყანასთან. არავის დაავიწყდეს, რომ ევრო-ატლანტიკური კურსი კონსტიტუციით სწორედ ჩვენ გავამყარეთ და თუკი ეს არის „დემოკრატიული უკუსვლა“, მაშინ უნდა აუხსნან ქართველ ხალხს, როგორია დემოკრატიული წინსვლა? ისეთი, როგორსაც ხედავდნენ 2012 წლამდე? ღია მკვლელობებს, ბიუჯეტის ძარცვას, რუსეთზე საქართველოს ტერიტორიების მიყიდვას, პატიმრების წამებას და კიდევ ბევრ სხვა ბოროტებას, რასაც ისინი იწონებდნენ და რასაც დღესაც ღიად უჭერენ მხარს? მათთვის „ჭეშმარიტი დემოკრატია“ მხოლოდ კრიმინალი და რადიკალური ოპოზიციაა, ვისაც ჩვენმა ხალხმა  უთხრა უარი.

 

სენატორის მიერ ნთქვამი სიტყვა -„ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე, ეს მათი მთავრობაა“, პირდაპირი ჩარევაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მოქალაქეების წაქეზებაა ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად. ეს ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. საკუთარ პოზიციას რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები უკვე აღარ მალავენ და იმასაც კი აცხადებენ, რომ უნდა იფიქრონ სხვა გზებზე, რადგან „როგორც ჩანს ის, რასაც ახლა აკეთებენ, არ მუშაობს“.

 

ეს „სხვა გზები“ უკვე ცნობილია ჩვენთვის. ამ გზაზე დგას დავით კეზერაშვილი ამერიკის გავლენიან პირებთნ შეხვედრისას; ამ გზაზე დგანან უკრაინის მთავრობის ქართველი კრიმინალები, როდესაც ჩვენს ხალხს მოუწოდებენ ხელისუფლების ცვლილებისკენ და ომისკენ; ამ გზაზე დგანან ევროპარლამენტის რიგი დეპუტატები, რომლებიც ამ სენატორების მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ; ამ გზაზე დგას ის უფერული ოპოზიცია, რომელსაც ვერაფრით წონა ვერ შესძინეს ქართველ ამომრჩეველში, მაგრამ მაინც ჯიუტად რევოლუციურ სცენარს მიუყვებიან.

 

რაც შეეხება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ ჩვენი მოძრაობის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, რომ ჩვენი ქმედება „ძირს გამოუთხრის საქართველო-ამერიკის პარტნიორობას“, მინდა გარკვევით ვუპასუხო კარენ დონფრიდს: - ჩვენ კი არ ვუთხრით ძირს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობას, ამას თქვენ და ის სენატორები ჩადიხართ, რომლებიც  ღიად აქეზებთ ქართველ ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისი უფლებაც თქვენ არ გაქვთ. სწორედ ეს უთხრის ძირს საქართველო-ამერიკის პარტნიორულ ურთიერთობებს.  ჩვენ ეთიკის ნორმებში ლეგიტიმური კითხვები დავუსვით ამერიკის ელჩს და ეს ელჩზე თავდასხმად მონათლეთ. ის კი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და რისი უფლებაც საკუთარ თავს მიეცით, დემოკრატიული ქმედებაა თუ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელმაც თურმე არ იცის, ვინ უნდა აირჩიოს და როდის უნდა მოსთხოვოს პასუხი საკუთარ ხელისუფლებას?

 

მოგმართავთ ყველას, ვინც ბოლო პერიოდში ევროპაში თუ ამერიკაში იყენებთ მაღალ პოლიტიკურ ტრიბუნას ჩვენი ქვეყნის დასამცირებლად,  ნუ უფრიალებთ ქართველ ხალხს წითელ მულეტას!ჩვენ ნამდვილად გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა, ოღონდ ისეთი, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და არა ისეთი, რა პოზიციიდანაც თქვენ ესაუბრებით დღეს საქართველოს“ - აცხადებს ხუნდაძე.