17-11-2022
,,ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა დაფინანსებები, მათ შორის, საჯარო სექტორში - 10 პროცენტით; ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს - 20 პროცენტით. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებს, მანდატურებს 125 ლარიანი დანამატი ექნებათ,” - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, მთავრობის სწორმა პოლიტიკამ, ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით დაფინანსებები გაზრდილიყო. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვალიც მცირდება.
,,ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ჩვენი რეგიონი არის ცეცხლის ალში გახვეული, პირდაპირი მნიშვნელობით. იცით რომ ერთი ომი მიდის სომხეთ- აზერბაიჯანს შორის. მეორე ომი, უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც დღემდე გრძელდება. იყო პანდემია, მიუხედავად ამისა, სწორმა პოლიტიკამ, ღარიბაშვილის და მისი მთავრობის პოლიტიკამ, მთელ გუნდთან ერთად, მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა ეს შემოსულობები და მომავალი წლის ბიუჯეტი პარამეტრების ნაწილშიც გაუმჯობესებულია.
მაგალითად, მომავალი წლის ბოლოს 80 მილიარდიანი ლარში ეკონომიკა იქნება ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,8-მდე მცირდება, ეს არის იმ ზღვრულ ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს მოცემული, პარამეტრებით. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვალი მცირდება, ასევე GDP-სთან მიმართებაში და, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით, სოციალური, ინფრასტრუქტურული, თუ სხვა პრიორიტეტული მიმართულებით, გავზარდოთ დაფინანსება. ეს მოგვცა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.
ამ ხელმოცარული ოპოზიციის თქმით, რადგან ჩვენ პენსიებს და სოცდახმარებებს ვზრდით, რადგან ბიუჯეტში ვდებთ, რომ საჯარო მოხელეებს გაეზარდოთ ხელფასი, ეს თურმე, მოსყიდვადა, ელექტორატზე მუშაობაა. იფიქრონ ასე. ჩვენ ვიმუშავებთ, ხელმოცარულმა ასე იფიქრონ. არადა ეს არის პირდაპირი მოვალეობა მთავრობის, რომ შემოსავლები გაზარდოს ბიუჯეტში, ბიზნესის მხარდაჭერით.
თითოეული ინიციატივა უნდა უკავშირდებოდეს კიდევ უფრო მეტი დოვლათის შექმნას და სხვათა შორის, რომ იცოდეთ ტურიზმის მიმართულებით, იანვარ - ოქტომბრის 2019 წლის მონაცემებს უკვე გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსავლებმა, დაახლოებით დააგენერირა 2 მილიარდ 900 მილიონზე მეტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, სახელმწიფო სწორი მიმართულებით ვითარდება და ასე გავაგრძელოთ,” - განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.