გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი აშშ-ზე: მადლობა მეგობრობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მონობის, უსიტყვო შესრულების მოთხოვნაში არ უნდა გადავიდეს - დაყვედრებას ვერავისგან მივიღებთ

21-11-2022

ბოლო რამდენიმე თვეა, ამერიკულ დაფინანსებასა და დახმარებებზე ლაპარაკი განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს. მილიარდებზე იყო ლაპარაკი. დავინტერესდით და აღმოვაჩინეთ, რომ ეს მილიარდები იმის ნახევარი იყო, რასაც ამბობდნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „პოსTV-ს“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“.

 

მისივე თქმით, პოლიტიკოსებისთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა უნდა იყოს.

 

სოზარ სუბარი ხაზს უსვამს, რომ პარტნიორების მხრიდან დახმარება დასაფასებელია, თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას, საქართველოს მონურ სამსახურში ჩაყენება მოისურვოს. 

 

„ამოსავალი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ამერიკულ დაფინანსებასა და დახმარებებზე ლაპარაკი განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს. მილიარდებზე იყო ლაპარაკი. დავინტერესდით და აღმოვაჩინეთ, რომ ეს მილიარდები იმის ნახევარი იყო, რასაც ამბობდნენ. რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ, როცა ყოველგვარი დაყვედრების გარეშე გვეხმარებიან. მეორე მხრივ, როცა სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ლაპარაკი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რაც ამ სტრატეგიული მეგობრობის ჩარჩოში შედის. უერთგულესი პარტნიორები ვართ, ჩვენი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში იბრძვიან და თავიანთ მისიას ასრულებენ.

 

34 ადამიანი ავღანეთის ომში დავკარგეთ. ავღანეთში, ერაყში, ცენტრალურ აფრიკასა და კოსოვოში ჩვენი ბიჭები თავიანთ საერთაშორისო მოვალეობას ასრულებენ. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომხმარებლები, ვართ აქტიური მხარდამჭერები, ამ ყველაფერში საკუთარი როლი შეგვაქვს, ასე რომ, ვერავისგან ვერაფერს ვერ დავიყვედრებთ.

 

კიდევ ერთხელ მადლობა მეგობრობისთვის, მაგრამ ეს მეგობრობა არ უნდა გადავიდეს მონობის, უსიტყვო შესრულების მოთხოვნაში. როცა ვლაპარაკობთ დღეს არსებულ დაფინანსებაზე, რომელიც ყოველწლიურია, დაახლოებით 2/3 მოდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ე.წ. „ენჯეოებზე“, 1/3 - ყველაფერ დანარჩენზე. ყველაფერ დანარჩენში შედის თავდაცვაც, სამართლის რეფორმაც და ა.შ. ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაცია სერიოზულ როლს ასრულებს იმაში, რომ, ვთქვათ, გააკონტროლოს ხელისუფლება, დაეხმაროს ადამიანებს, ვიღაცას ადვოკატი სჭირდება, საკანონმდებლო ჩარჩოებზე კონტროლია საჭირო... და როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია გადის მიტინგზე და ამბობს - „24 საათს ვაძლევ პრემიერს. თუ არ გადადგება, ვიწყებ ქვეყანაში არეულობას“ - ის გასულია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარჩოებიდან. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციურ რადიკალურ პარტიებთან ერთად იკრიბებიან და ისმენენ ლექციებს, როგორ უნდა მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, ისინი გასულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარჩოებიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.