გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„აღარ მომწერო!" - იმერეთში, 17 წლის გოგომ შეყვარებულთან ურთიერთობის აკრძალვის გამო თავი მოიკლა

3-07-2018

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი პირველად დედამ აღმოაჩინა, რის შემდეგაც ამ ამბავმა მთელი სოფელი შოკში ჩააგდო.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ის სმს-შეტყობინება, რომელიც არასრულწლოვანმა გოგონამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე შეყვარებულს გაუგზავნა, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ.

ჩვენ შემთხვევის ზუსტ ადგილმდებარეობას, ისევე როგორც ამ საქმის ფიგურანტების ვინაობას არ დავასახელებთ, თუმცა, როგორც გარდაცვლილი გოგონას მეზობლები გვიყვებიან, მოზარდს სუიციდისკენ ოჯახთან არსებულმა კონფლიქტმა უბიძგა.

ერთ-ერთი მეზობლის ნაამბობით ეს ტრაგიკული ისტორია ასე განვითარდა:

ნინო გ. რაიონულ ცენტრში პროფესიულ სასწავლებელში სწავლობდა და სტილისტის ხელობას ეუფლებოდა. გასულ წელს სწორედ ამ კოლეჯში გაიცნო ბიჭი, რომელიც მოგვიანებით მისი შეყვარებული გახდა. ეს ამბავი გოგონას მშობლების ყურამდეც მივიდა, რამაც მათი სასტიკი წინააღმდეგობა გამოიწვია. მშობლებმა არასრულწლოვან ქალიშვილს შეყვარებულთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალეს და უთხრეს, რომ ეს ბიჭი მისი შესაფერისი არ იყო. თავად გარდაცვლილის ოჯახი სოფელში საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობს, სწორედ ამიტომ, მეზობლის გადმოცემით, მშობლები ნინოსთვის სოციალურად შეძლებულ საქმროს ეძებდნენ.

გოგონას ერთ-ერთი მეგობარი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად შეყვარებულები ურთიერთობას მაინც აგრძელებდნენ, თუმცა ყველანაირად ცდილობდნენ, ეს ამბავი ოჯახს არ გაეგო.

„ნინომ მშობლებს უთხრა, რომ შეყვარებულს დაშორდა და მასთან აღარაფერი აკავშირებდა. თუმცა მალულად მაინც აგრძელებდნენ ურთიერთობას და რადგან ოჯახი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ცდილობდნენ, მათ ყურამდე ეს არ მისულიყო. იმ დღეს, ანუ 29 დეკემბერს ნინო მოვიდა სასწავლებელში ჩვეულებრივ. ისეთი არაფერი შეგვინიშნავს. გამოცდა ჩააბარა, რის შემდეგაც ამ ბიჭთან ერთად ქალაქში სეირნობდა, რა დროსაც დაუფიქსირებია ბიძამისს, მამის ძმას. ნინოსთვის უთქვამს: შენ ხომ გვითხარი, ამ ბიჭს აღარ შეხვდებოდი, სასწრაფოდ წადი სახლში და რომ მოვალ, ნახე რას გიზამო. ბიძამისი აპირებდა, რომ ნინოს მშობლებისთვის მოეყოლა ყველაფერი. როგორც ჩანს, ამან ძალიან იმოქმედა მასზე. დაახლოებით 3-ის ნახევარი იქნებოდა, რომ სოფელში დაბრუნდა ტრანსპორტით. ბიძამისი სახლში საღამოს ბრუნდებოდა და ნინომ იცოდა, რომ ის მშობლებს ყველაფერს მოუყვებოდა. სახლში მისულმა ნინომ სმს მისწერა თავის შეყვარებულს. უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო ყველაფერი და აღარ დაკონტაქტებოდა. ეს სმს გაგზავნილია 4-ის ნახევარზე და როგორც გვითხრეს, ამ შეტყობინებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. სახლში, უკან ოთახში თოკზე იყო ჩამოკიდებული და დედამ აღმოაჩინა უკვე გარდაცვლილი. ანუ, სანამ ბიძამისი სახლში დაბრუნდებოდა, თავი მოიკლა. ძალიან კარგი გოგო და კარგი მეგობარი, ცოტა გულჩათხრობილი, მაგრამ კეთილი და მეგობრული ადამიანი იყო. ყველანი შოკირებულები ვართ“, – გვიყვება გარდაცვლილი გოგონას ერთ-ერთი მეგობარი.

როგორც უკვე გითხარით, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა სმს-შეტყობინება, რომელიც ნინო გ.-მ შეყვარებულს თვითმკვლელობამდე 10 წუთით ადრე მისწერა. სმს 29 ივნისს 15:30 საათზეა გაგზავნილი, ახლობლების ინფორმაციით კი, 15:40 საათზე გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. და აი, რას წერს ის შეყვარებულს:

„არც მომწერო და არც დამირეკო. ძაან საშინლად არის ყველაფერი. ბიძაჩემი გადარეული არის და სახლში აპირებს ყველაზე ლაპარაკს. გამოშვებითაც აღარ წამოხვალო კოლეჯში. და ვერც მოგწერ. როცა მოვახერხებ მოგწერ“.

ამის შემდეგ ნინო გ.-ს მიერ შეყვარებულთან კიდევ ერთი სმს იგზავნება, შემდეგი ტექსტით:

„და კიდევ... გეხვეწები შორენას უთხარი ესე: ნინოსიანებმა თუ გკითხონ, ნინო კოლეჯში თუ დაიარებაო, უთხარი კი-თქო, ესწრებოდა ლექციებს-თქო. გთხოვ რა, გააკეთე ეს ჩემთვის, გეხვეწები“.

ამის შემდეგ კი 17 წლის გოგოს უკვე სახლში თოკზე ჩამოკიდებულს პოულობენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებამ უკვე დაკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის გოგონას ოჯახის წევრები, მეზობლები, კლასელები, პედაგოგები და შეყვარებული. როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, ისე, სავარაუდოდ, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში მოწმეებმა დაადასტურეს ოჯახის წევრებთან შეყვარებულის გამო არსებული კონფლიქტი, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ეს კონფლიქტი სიტყვიერი შენიშვნით, ან აკრძალვით შემოიფარგლებოდა და ის ფიზიკურ ძალადობაში არ გადაზრდილა.

გარდაცვლილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელიც ზუსტად დაადგენს, ჰქონდა თუ არა ფიზიკურ ძალადობას ადგილი 17 წლის მოზარდზე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, გარეგნული დათვალიერებით ცხედარს დალურჯებები, ან რაიმე სხვა სახის ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, გარდა იმ დაზიანებებისა, რომელიც დამახასიათებელია თვითმკვლელობის დროს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოჯახში არსებულ კონფლიქტს მოზარდი თვითმკვლელობამდე, ან სუიციდის მცდელობამდე მიჰყავს, რასაც ხშირად მშობლები ვერც კი აცნობიერებენ. ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე მოზარდების მშობლებს მოუწოდებს, პატივი სცენ მათი შვილების მისწრაფებებსა და არჩევანს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ფსიქოლოგი ამბობს, რომ მოზარდის თვითმკვლელობა, როგორც წესი, მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე არ არის დამოკიდებული და მას გაცილებით ღრმა ფესვები შეიძლება ჰქონდეს.

ქეთევან თავართქილაძე, ფსიქოლოგი:

„როდესაც მოზარდის თვითმკვლელობას ეხება საქმე, ყოველთვის სახელდება ხოლმე რაღაც ერთი კონკრეტული მიზეზი, რაც არასწორია. როგორც წესი, ეს არ გახლავთ ერთი შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი ურთიერთობის დროს გარკვეული პრობლემების დაგროვება, რომელსაც ემატება ერთი რაღაც კონკრეტული პრობლემა, რაც უკვე საკმარისია, რომ ადამიანმა, მით უმეტეს იმპულსურობით გამორჩეულმა მოზარდმა, ერთადერთ გამოსავლად თვითმკვლელობა მიიჩნიოს. ეს არის უფრო კომპლექსური პრობლემა, ვიდრე ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული ტრაგედია. ეს არის ოჯახის წევრებს შორის ემოციური ურთიერთობის დეფიციტი. ადამიანს არავინ ჰყავს, ვისთანაც შეძლებს გულახდილ საუბარს და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვას. ასეთი ადამიანი ყველას, მით უმეტეს მოზარდს, აუცილებლად სჭირდება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვურჩევდი მშობლებს, რომ გაუგონ და პატივი სცენ შვილების არჩევანს. მის პიროვნებას უნდა სცენ პატივი, ეს შეყვარებულის არჩევაში გამოიხატება, პროფესიის არჩევაში თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილებაში. პატარა ასაკიდან უნდა აგრძნობინონ, რომ ის არის პიროვნება. სამწუხაროდ, მშობლები 17, 18 და კიდევ უფრო მეტი ასაკის ადამიანებს არ აღიქვამენ პიროვნებებად, რომელსაც შეუძლია გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი. ცხადია, ეს უდიდესი ტრაგედიაა მშობლებისთვის და მთლიანად ოჯახისთვის. რა თქმა უნდა, მათ არ სურდათ, ასე დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჯობია შვილებთან ურთიერთობაში უფრო მეტი ყურადღება, სიფრთხილე და სითბო გამოვიჩინოთ. მათ არ უნდა ვუყურებდეთ ისე, როგორც ჩვენს საკუთრებაში არსებულ საგნებს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ შეყვარებულთან ურთიერთობის აკრძალვა არ მიიყვანდა თვითმკვლელობამდე ამ მოზარდს. მას, სავარაუდოდ, ჰქონდა სხვა ფონიც და დროთა განმავლობაში დაგროვილმა პრობლემებმა განაპირობა სუიციდი. ცხადია, ამას ბოლო ბიძგს მისცემდა სწორედ ეს კონფლიქტი ოჯახის წევრებთან“.



newposts primetime.ge