გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი: განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები

1-12-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა  მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ამ მიმართულებით მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერის მნიშვნელობას, რასაც განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ადასტურებს.

 

მიხეილ ჩხენკელი: „განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები ორი მილიარდ ოცდაათი მილიონ რვაასი ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე, გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები და კიდევ უფრო აქტიურად, სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს“.

 

საუბრისას  მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია 10-წლიან გეგმაზე, რომელიც 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად წარედგინა საზოგადოებას. ამ მიმართულებით მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე“, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ.

 

„განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო, რომ მიმდინარე  წლის 20 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე“, საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის მიხედვით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე. სამიტში გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განათლების ტრანსფორმაციის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს. წილად მხვდა პატივი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში, პირადად მიმეღო მონაწილეობა.

 

განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას.

 

თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ სრულ შესაბამისობაშია აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტებთან და მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფისკენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.