გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამა

1-12-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას იმ ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.

 

მინისტრის განცხადებით, სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს მესამე თაობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს, რაც მოიცავს: სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულად წარმართვას, სასწავლო რესურსების გაუმჯობესებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას, სწავლის მეთოდოლოგიის ცვლილებას, სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას, მისი ავტონომიურობის ხარისხის ზრდასა და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  სკოლების მხარდამჭერი ძლიერი მექანიზმების ამუშავებას.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი ინიციატივით, სისტემაში პირველად, ყველა სკოლა ახორციელებს თვითშეფასებას, რაც იძლევა სკოლების მიზნობრივი მხარდაჭერის  საშუალებას. აღნიშნული პროცესი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.

ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური თვითშეფასების ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვას, რაც გაზრდის სისტემის შესაძლებლობებს ინსტიტუციური თვითშეფასების პროცესის განსახორციელებლად. ამასთან, ჩატარებული ანალიზის შედეგები სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის სისტემური შეფასებისა და სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების მხრიდან შესაბამისი მხარდამჭერი ინტერვენციების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველი გახდება“.

 

მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში 2026 წლის ბოლოსთვის ყველა სკოლა დაექვემდებარება ავტორიზაციას. ამ პროცესის მთავარი მიზანია ეროვნული სტანდარტების დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინებით. განახლებული სტანდარტები ითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თავისებურებებს და მათი სისტემაში დანერგვა ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის გაუმჯობესებას და მის სკოლის მხარდამჭერ მექანიზმად ქცევას. სტანდარტები შექმნის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ  განვითარების შესაძლებლობა საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით.

მინისტრის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, პირველად სისტემაში, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის გადამზადდა ხარისხის სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე აღმოუჩენს სკოლებს მხარდაჭერას, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის, ისე თვითშეფასების განხორციელებისა და ავტორიზაციისთვის მზადების პროცესში.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო მოსწავლეთა ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საკითხი. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ჩართულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი საჯაროდ ქვეყნდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს სახელმძღვანელოების პროექტების გაცნობისა და მათზე შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდა მე-10 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება. გამოცხადებულია კონკურსი I, II და XI კლასის სახელმძღვანელოების შექმნაზე, რაც უახლესი მოვლენებისა და თანამედროვე სწავლების მიდგომების სახელმძღვანელოებში ასახვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, პარალელურად, მიმდინარეობს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე.

 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უწყვეტ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით, შემუშავდა ინკლუზიური განათლების მართვის განახლებული მოდელი,  რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის ყველა საჭირო სერვისის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. უკანასკნელ წლებში სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერისა და მათი დაფასების მიზნით არაერთი ნაბიჯი იდგმება, მათ შორის აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის კონკურსი ტარდება,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მხარდაჭერას. მისი თქმით, გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის პროცესი. სწორედ ამ მიზნით ვითარდება, როგორც ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, ასევე, ბილინგვური სასწავლო რესურსები. აღსანიშნავია, რომ ბილინგვური მიდგომით სწავლება 41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებით საფეხურზე მიმდინარეობს. ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება, რისთვისაც შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოყოფილია და მიმდინარეობს ადამიანური რესურსის მომზადება.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, აზერბაიჯანულ და სომხურენოვან მასწავლებლებს მიეცათ მშობლიურ ენაზე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საშუალება, რაც უზრუნველყოფს, როგორც აზერბაიჯანული და სომხური ენების სწავლების მაღალ ხარისხს, ასევე მასწავლებლის პროფესიული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს.

 

როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მოსწავლეებზე ზრუნვა და, ამავდროულად, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში იყვნენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის შესაბამის ცოდნას გადასცემენ. ამ მიზნების მისაღწევად, რეფორმის ფარგლებში უკვე არაერთი თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა – როგორც მოგეხსენებათ, იმ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, უკვე დატოვეს სისტემა.

 

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ წელს პირველად დაამტკიცა მასწავლებელთა შერჩევის ისეთი მექანიზმი, რომელშიც კომისიური წესით, გარდა სკოლის წარმომადგენლებისა, მონაწილეობენ საგნობრივი ექსპერტები და გარე ორგანიზაციები, რაც უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურის მეტ გამჭვირვალობას.

 

მასწავლებელთამხარდამჭერპროგრამებზესაუბრისასმინისტრმა აღნიშნა,რომ2023 წლის იანვრიდან დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატისა და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით. ამასთან, ფინანსთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან და განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით 2023 წლიდან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას.

 

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საჯარო სკოლის დირექტორების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა. ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. ამ პროცესში სამინისტრო უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს ყველა მსურველს. შეთავაზებულია უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და კონსულტაციები.


სერტიფიცირების პარალელურად, მოქმედი დირექტორებისთვის შეთავაზებულია გადამზადება. ამ გზით ყალიბდება დირექტორების მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის ლიდერთა შემდგომ პროფესიულ განვითარებას. 2023 წელს კი, დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა.