გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები გააცნო

1-12-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით,  მიმდინარე წელს  არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა HorizonEurope-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.


„მოგეხსენებათ, რომ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, HorizonEurope-ის წევრი გახდა. წილად მხვდა პატივი და გასული წლის ბოლოს, ბრიუსელში ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან ერთად, ხელი მოვაწერე საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა HorizonEurope-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. შედეგად, HorizonEurope-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში,‘‘­­­- განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა უკვე მოიპოვა HorizonEurope-ის დაფინანსება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა.


მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს  საქართველოში დაფუძნდა HorizonEurope-ის ეროვნული ოფისი და საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა.  მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის HorizonEurope-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. 2022 წელს უკვე სახეზეა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელი სახელმწიფო უნივერსიტეტებში და HorizonEurope-ის ეროვნულ ქსელს კერძო უნივერსიტეტებიც უერთდებიან.


პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით. 2022 წლის თებერვალში ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი შევიტანეთ და შედეგად, 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და ორივე ქვეყანა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. COST-ის სრულუფლებიანი წევრობა ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობას აძლევს, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება“.


მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი დაფუძნდა. DAAD-ის რეგიონული ოფისი ხელს უწყობს სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას სამხრეთ კავკასიასა და გერმანიას შორის, რაც მიმართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისკენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მისივე თქმით, ეს გახლავთ შესანიშნავი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და მკვლევრებმა სწავლა მდიდარი აკადემიური ისტორიის ქვეყანაში გააგრძელონ.


მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მეცნიერების მიერ მიღწეულ წარმატებებზე. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიმდინარე წელსCERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში, რომელიც დიდ ადრონულკოლაიდერზე მუშაობს, მორიგ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინჟინრო მიმართულებით შეძლეს ახალი კამერების ელექტრონიკის გაციების სისტემის მოდელირება, შექმნეს სამუშაო ნახაზები და დაამზადეს პროტოტიპები.


მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წელს პირველად, საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2-4 ნოემბერს სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით  „ღია მეცნიერების ფორუმი‘‘ ჩატარდა.


სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო მასშტაბით ქართველოლოგიის პროგრამის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შვეიცარიულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის განვითარებაზე. მისივე თქმით, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, მან ბერნის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ქრისტიან ლოიმანთან პირადად განიხილა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში მოქმედი ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების საკითხი.


მნიშვნელოვანია, რომ ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის აღდგენის საკითხი განიხილა, რომელსაც გამოჩენილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა კიტა ჩხენკელმა ჩაუყარა საფუძველი. ამასთან, მინისტრმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის ღვაწლის უკვდავსაყოფად მისი სახელობის მემორიალური დაფა გახსნა.


ქართველოლოგიის პროგრამაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედების მნიშვნელობა.


როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან. როგრამაში გათვალისწინებულია კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია‘‘­– აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.


მიმდინარე წელს, მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირადად ეწვია ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრს და მის ხელმძღვანელებთან ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების დეტალები განიხილა. მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის შემსწავლელი კურსიც მოქმედებს, რომელიც სტუდენტებს ქართული ენის შესწავლასა და ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.