გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელი სან მარინოს რესპუბლიკის განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

6-12-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით სან მარინოს რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს მინისტრმა შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრ ანდრეა ბელუცისთან და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრ ლუკა ბეკარისთან.


მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლების ყველა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სან მარინოს რესპუბლიკას და მის კოლეგებს – ანდრეა ბელუცისა და ლუკა ბეკარის საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.


შეხვედრისას, მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოელ კოლეგებს საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტები გააცნო. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, მათ შორის უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას.


როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა. შედეგად, უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. უკრაინული კურიკულუმით განსაზღვრულ საგნებთან ერთად მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საგანს „ჩვენი საქართველო“ და საქართველოს ისტორიას. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.


მინისტრის თქმით, უკრაინულ სექტორებზე დასაქმებულია უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი და უკრაინულენოვანი საქართველოს მოქალაქე. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უკრაინელი მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს მოსწავლეების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. უკრაინულენოვანი სექტორის ხელმძღვანელებად ასევე დანიშნული არიან უკრაინიდან ჩამოსული სპეციალისტები.


შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოელ კოლეგებს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.


მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.


როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.


სან მარინოელ კოლეგებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა სან მარინოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.


მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და და ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს რეგიონის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით ჰაბს, გახლავთ შესანიშნავი სივრცე საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.


თავის მხრივ, სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრმა ანდრეა ბელუციმ და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა ლუკა ბეკარიმ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს როგორც უნივერსიტეტთან, ასევე ადრონული თერაპიის ცენტრთან.


შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში საქართველოსა და სან მარინოს მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.


მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ასევე, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში კონსტანტინე სურგულაძე.