გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშია თსუ აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს შეხვდა

6-12-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატისა) და აკადემიური საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე ახალარჩეული სენატის წევრებს ჯაბა სამუშიამ სიტყვით მიმართა.

 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გაერთიანებულ სხდომაზე უნივერსიტეტის ქონებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული ქონება არ გასხვისდება თუ სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის არ შეიქმნება ალტერნატიული სივრცე.ჯაბა სამუშიამ, ასევე, ყურადღება გამახვილა აუდიტორიებისა და ლაბორატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაზე, რაშიც, მისი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს უნივერსიტეტს. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ორი კომისია შეჯერდა ერთ-ერთ ობიექტზე. ამ ობიექტზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები. ჯაბა სამუშიამ, ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის შედეგადაც მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს საუნივერსიტეტო კლინიკა ექნებათ.

 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სენატის ახალ შემადგენლობას მიულოცა არჩევა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სენატისა და აკადემიური საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე ფაკულტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულებებში შესატანი ცვლილებები დამტკიცდა.

 

სენატის არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წინა მოწვევის წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს გაიმართა. სენატის შემადგენლობაში 76 წევრია. კენჭისყრის შედეგად აირჩა წარმომადგენლობითი საბჭოს 74 წევრი, აქედან: 32 - აკადემიური პერსონალი, 26  - სტუდენტი, 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი; სენატის შემადგენლობაშია, აგრეთვე, ორი მუდმივმოქმედი წევრი - თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკისა და თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები.