6-12-2022
ქალაქ ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ კონვენციის მხარეთა რიგით მეთორმეტე კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მონაწილეობდა. მინისტრის მოადგილემ საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები შეაფასა.
სოლომონ პავლიაშვილი მოხსენებით წარდგა სემინარზე, სადაც ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ სამრეწველო ავარიების რისკების ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ კონვენციის სამდივნოსა და გაეროს ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებთან. მხარეები, კონვენციის რატიფიცირების პროცესის მომზადების დაწყებისთვის, საქართველოში ტექნიკური მისიის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რათა კონვენციის სამდივნოსა და გაეროს ეკონომიკურ საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწორად შეფასდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, რაც კონვენციის რატიფიცირების პროცესს შეუწყობს ხელს.