5-07-2018
რუსთავში ლიტერატურული პროექტის „ქართველი მწერლები ჩვენ ყოველდღიურობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნა, ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას მოედნამდე გამოფენილი ბანერების დათვალიერებით დაიწყო.
პროექტი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატის ამირან ჯანჯღავას ინიციატივით და რუსთავის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. ქალაქის ქუჩებში, მე-8 მიკრორაიონიდან ჟიული შარტავას მოედნამდე, გარე განათების ბოძებზე, სპეციალური ბანერები განთავსდა, რომლებიც ქართველი კლასიკოსი მწერლების და პოეტების რჩეული სტრიქონებითაა გაფორმებული.
პროექტზე, რუსთაველი მწერლებისა და პედაგოგებისგან დაკომპლექტებული ლიტერატურული საბჭო სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.
ქალაქის ქუჩებში გამოფენილ სამოცდათორმეტ ბანერზე დატანილი ფრაზები, სწორედ მათ მიერ შეირჩა.
კლასიკოსი მწერლების გარდა, რუსთაველები ამ ბანერებზე, ცამეტი რუსთაველი მწერლის ნააზრევის წაკითხვასაც შეძლებენ. პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს სხვა დეპუტატები, მწერლები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.