გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ ტელეკომუნიკაციების სფეროში კონკურენციის შესახებ ღონისძიება გახსნა

8-12-2022

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება თემაზე „კონკურენცია ტელეკომუნიკაციების სფეროში" გახსნა. კომისიის წევრთან ერთად, ღონისძიების გახსნით ნაწილში მისასალმებელი სიტყვებით აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების უფროსი მაიკლ ჰონიგშტაინი, აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ერიკ ვენცი და ნიკოლეტ მენა, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს დაძმობილების პროექტის მრჩეველი იუსტინა პაულაუსკაიტე წარდგნენ.


ნათია კუკულაძემ გახსნით სიტყვაში ტელეკომუნიკაციების სექტორში კონკურენციის მნიშვნელობასა და კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, კომისიის წევრმა ისაუბრა კომუნიკაციების კომისიასა და კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს.


„კომუნიკაციების კომისიას, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, დაფუძნების დღიდანვე გააჩნდა გარკვეული უფლებამოსილებები კონკურენციის სფეროში. 2020 წლიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებები განსაზღვრავს დარგობრივი მარეგულირებლების უფლებამოსილებას, ეკონომიკის რეგულირებად სექტორში კონკურენციის შესაძლო დარღვევების განხილვისას იხელმძღვანელონ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ შესაბამისი ბაზრების წინასწარი, ე.წ. ex-ante რეგულირების გარდა, დაიწყო ex-post რეგულირების განხორციელებაც.


მიმდინარე ეტაპზე, კომუნიკაციების კომისია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში განიხილავს საჩივარს, რომლის შესწავლაც კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით. კომუნიკაციების კომისია ახორციელებს ბაზრის ყოველმხრივ მოკვლევას, რათა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობასა და მის გამართულ ფუნქციონირებას.


კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდგომ. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი ელექტრონული კომუნიკაციებისთვის გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ. კანონპროექტით, ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, დადგინდება სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების პირობები და პროცედურა. აღნიშნული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება კომუნიკაციების კომისია, რომელიც საკუთარ ფუნქციებს შეასრულებს შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით." - განაცხადა ნათია კუკულაძემ.


სამდღიანი ღონისძიება თემაზე - „კონკურენცია ტელეკომუნიკაციების სფეროში" თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ორგანიზებით, ასევე, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან, კომუნიკაციების კომისიასთან, აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალურ კომისიასა (FCC) და ევროკავშირი-საქართველოს დაძმობილების პროექტთან თანამშრომლობით იმართება.