9-12-2022
„ქართული მეცნიერების წარმატება გადის თქვენს წარმატებაზე. ამაში თსუ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რადგან თქვენ ხართუნივერსიტეტის მთავარი საყრდენი ჩვენს პროფესურასთან ერთად. მეცნიერებას და სტუდენტურ ცხოვრებას ექნება დიდი გასაქანი. თქვენთან ერთად და ჩვენს დიდ გუნდთან ერთად ჩვენ უკეთესობისკენ შევცვლით უნივერსიტეტს,“- განუცხადა ჯაბა სამუშიამ თსუ წარმატებულ დოქტორანტებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იმ დოქტორანტებს შეხვდა, რომელთაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და კვლევების ჩასატარებლად გრანტი მოიპოვეს.
2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 98 პროექტიდან, ყველაზე მეტი - 35 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 35.7%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით. კონკურსის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.
„ჩემი სადოქტორო თემა ეხება საქართველოს უახლეს ისტორიას, 1992-2003 წლების საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. პროექტი ითვალისწინებს არჩევნების შესწავლას სამეცნიერო დონეზე, პოლიტიკური პარტიების ისტორიას, წინასაარჩევნო კამპანიებს და საერთაშორისო გამოხმაურებებს. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოხატული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის,“- განაცხადა თსუ დოქტორანტმა გიგი გიოშვილმა.
უნივერსიტეტის დაინტერესებასა და სტუდენტების საქმიანობისადმი ყურადღება აღნიშნა დოქტორანტმა შორენა მურუსიძემაც: „ბაკალავრიატი, მაგისტრატურა თსუ-ში დავამთავრე, დოქტორანტურაზეც თსუ-ში ვსწავლობ. წლებია ვმუშაობ თემაზე „ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ცივი ომის პერიოდში“. თემა საინტერესოა, რადგან ამ კუთხით არ შესწავლილა ემიგრაცია. ვსწავლობ ამერიკულ დოკუმენტებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული. ვფიქრობ, კვლევის შედეგი საინტერესო იქნება.“
„ჩემი სადოქტორო თემა ეხება ტოპონიმიკას ბიბლიის ქართულ ვერსიებში.მსგავსი ღონისძიებები წამახალისებელია სტუდენტებისთვის და ხელს უწყობს ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მზაობა გამოთქვა დოქტორანტების მხარდაჭერის. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და, ვფიქრობ,უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა დიდ წვლილს შეიტანს ჩემს წარმატებაში,“- აღნიშნა თსუ დოქტორანტმა გიორგი ქიტოშვილმა.
თსუ წარმატებული დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები დაიბეჭდება საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში.