5-07-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა კომპანია ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ" შავ სიაში მოახვედრა იმის გამო, რომ არაჯეროვნად შეასულა სოფელ ალსა და ნაბახტევში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ კომპანიას ხელმძღვანელობდა ლევან გამრეკელი.
რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნული ხიდების სარეაბილიტაციოდ მეორე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც კომპანია ,,თა თა"-მ გაიმარჯვა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელი კი, ლევან გამრეკელის ძმაა:
ლევან გამრეკელი ამბობს, რომ პირველი ტენდერის დროს ,,სუპერ ჯგუფის" შავ სიაში მოხვედრა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა და ხაშურის მერია სამართლიანად მოიქცა:
,,უბრალოდ, მოხდა ისე, რომ პირველი ტენდერის დროს, შემოსავლების სამსახურმა ჩვენს კომპანიას ყადაღა დაადო. შესაბამისად, ვეღარ მოვახერხეთ სამუშაოების დასრულება. ხაშურის მერია იძულებული გახდა კომპანია შავ სიაში მოეხვედრებინა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი, ჩემი ძმისაა" - ამბობს ლევან გამრეკელი.
პირველი ტენდერის დროს სამუშაოები 2018 წლის 21 მარტს უნდა დასრულებულიყო. მეორე ტენდერი კი, 30 ივნისს. ამჯერად, ხაშურის მერიას ამ ხიდებთან დაკავშირებით მორიგი პრობლემა შეექმნა, კონკრეტულად სოფე ნაბახტევში.
კომპანია ,,თათას" მიერ შემუშავებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ნაბახტევის მოსახლეობა ბოგირზე მოაჯირების გაკეთების წინააღმდეგია, რადგან მაღალი გამავლობის მანქანები ვეღარ გაივლიან. ასევე, მანამდე კომპანია ,,თათა" ხაშურის მერიას ატყობინებდა, რომ ნაბახტევის ბოგირთან გრუნტი მყარი არაა და შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება.
,,ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროექტიდან ამოღებულ იქნას ნაბახტევის ხიდიბოგირას მოაჯირეების მოწყობის სამუშაოები," - აღნიშნულია ხაშურის მერის გადაწყვეტილებაში.