10-12-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ჯუზეპე ვალდიტარასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა იტალიელ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს თანადგომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოსა და იტალიას მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც განათლების ყველა საფეხურზე არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების პროგრამა და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პროგრამის გაფართოებაზე მუშაობას. მისი თქმით, მიმდინარე წელს სამინისტროსა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ჩატარდა, რომლის დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ პედაგოგებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.
თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – მისი თქმით, ევროპისკენ მიმავალ გზაზე იტალია საქართველოს დიდი გულშემატკივარია. ჯუზეპე ვალდიტარამ გულითადი მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა – მინისტრები საქართველოსა და იტალიის სკოლებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.
იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამები გააცნო. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა. შედეგად, უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჯუზეპე ვალდიტარას საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პროდუქტიული შეხვედრა გამართა რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად აკადემიური პროგრამების განხორციელებისა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს როგორც რომის საპიენცას უნივერსიტეტთან, ასევე იტალიის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა იტალიის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა საქართველოში მოიწვია.
მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ასევე, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა.