10-12-2022
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მეორე ნაკადს მასპინძლობს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების ოთხდღიან კურსს გადიან, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლებები უტარდებათ.
კრწანისში საერთო-საჯარისო ცენტრში შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე შეხვდნენ. გრიგოლ გიორგაძემ საპილოტე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროგრამის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობისა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მომზადების გავლის სურვილი და შესაძლებლობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ექნებათ.
შეკრების მიზანს უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს. საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალი თავდაცვის ძალების სტრუქტურის, ამოცანების, სამხედრო სარეზერვო სისტემის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრის შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს.
თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. თავდაცვის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის 2020 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.