5-07-2018
არ დავუშვებთ რომ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი - განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, აფხაზების მიერ გალის ფორმატის შესაძლო დატოვების შესახებ გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილი ამ კომენტარით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს და მოლაპარაკების ფორმატების გაუქმებას არ გამორიცხავს.
„არ დავუშვებთ, რომ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არამხოლოდ დანაშაულზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ, არამედ ჩვენი პრინციპულობით უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაცული იყვნენ, ოკუპანტებმაც და ცხინვალისა და აფხაზეთის ე,წ. ხელისუფლებამაც კარგად იცოდეს, რომ ჩვენ ასეთ არაადამიანურ და არაკანონიერ მოქმედებებს არ დავუშვებთ და არ გავატარებთ“-განაცხადა სესიაშვილმა.
საოკუპაციო რეჟიმის მუქარას ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკალიანის განაცხადებით, საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია.
„ერთი მიმართულება, რომელიც ეფექტურად მუშაობს არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ხდება მყისიერი ამოქმედება ნებისმიერ დარღვევაზე, რომელსაც აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიღმა. ვფიქრობ, ამ საკითხის პოლიტიზირება ყოვლად დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკების ყველა წარმომადგენელს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და არ დაუშვათ ამ ფორმატის უგულებელყოფა“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.