ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიის სავაჭრო პალატის წარმოამდგენლები და პარლამენტის ყოფილი წევრი იმყოფებიან.
დელეგაციის წევრმა, იორდანიის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მუჰამედ რასლანმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ე.წ. რესპუბლიკასთან ეკონომიკურ თანამშრომლობით არის დაინტერესებული.
დელეგაციის წევრები დაინტერსდნენ რა სტადიაზეა ამჟამად აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი.
იორდანიელების ანალოგიური ვიზიტი ივნისის დასაწყისში განხორციელდა. მაშინაც სოხუმს იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სტუმრობდა, რომელსაც აფხაზური და ჩერქეზული წარმოშობის ბიზნესმენები ალი ბაკიჟი და იცხაკ მული ედგნენ სათავეში.
მანამდე კი, ოკუპურებულ რეგიონში იორდანიის პარლამენტის წევრი იმყოფებოდა.
აღნიშნულ ვიზიტებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში დიდი იმედებით უყურებენ და ფიქრობენ, რომ სირიის შემდეგ ე.წ. აღიარებას იორდანიაც გამოაცხადებს.
თუმცა, როგორც „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოკუპირებულ აფხზეთს იორდანიის ოფიციალური დელეგაცია არ სტუმრობს. შესაბამისად, მათ მიერ გაჟღერებული წინადადებები, ან ინიციატივები არ ასახავს იორდანიის ოფიციალურ პოზიციას.
„ეს არის ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენელთა კერძო ვიზიტი და მათ მიერ გაჟღერებული წინადადებები და/ან ინიციატივები არ ასახავს იორდანიის ოფიციალურ პოზიციას (მუნირ სობარი არ წარმოადგენს სენატის ვიცე-პრეზიდენტს, იგი არის რიგითი სენატორი, ხოლო დანარჩენი პირები არ არიან საჯარო მოხელეები). ჩვენ იორდანიასთან გვაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტიური და დინამიური დღის წესრიგი. ხორციელდება ვიზიტები მაღალ დონეზე (შარშან პრემიერ-მინისტრი, წელს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ იორდანიაში ვიზიტით), ისევე, როგორც პოლიტიკური კონსულტაციები”, - უთხრეს „პირველს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ იორდანიის მხარეს არაერთხელ საჯაროდ დაუფიქსირებია თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.
„მათ შორის, მხარდაჭერა მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული იორდანიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერების მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე იორდანიაში წელს გამართული ვიზიტის ფარგლებში”, - უთხრეს „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს. მოგვიანებით კი საქართველოს ეს რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.