გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კუბილიუსმა დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებ - ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა - ზაზა შათირიშვილი

15-12-2022

„ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ ღირებულებით კრიზისს განიცდის და მისი სტრუქტურები არა ევროკავშირის ობიექტური ინტერესების, არამედ სრულიად სხვა ძალების კარნახით მოქმედებენ“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ერთმა სანდო კაცმა მითხრა, რომ ევროპული აგენტოკრატიის ცნობილ წარმომადგენელს, ანდრიუს კუბილიუსს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ალალად განუცხადებია, ევროპა რამდენჯერაც დამოუკიდებელი იყო, ყოველ ჯერზე პრობლემებში გაეხვა და მაინც ამერიკელების დასახმარებელი გახდა და ამდენად, ევროპას ამერიკის შეერთებული შტატებისგან სტრატეგიული დამოუკიდებლობა არ ჭირდებაო.


ამ ფრაზით, კუბილიუსმა დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებ - ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს. ევროპას სტრატეგიული პრობლემა მეორე მსოფლიო ომმა შეუქმნა, რომლის შემდეგაც ომით დანგრეულ კონტინენტზე აგენტოკრატიის პირველი ძლიერი კონტურები გამოიკვეთა. სწორედ ევროპის სტრატეგიულ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა, თავის დროზე, ევროკავშირი, რომელმაც, არსებობის გარკვეულ ეტაპზე, ევროპას მნიშვნელოვანი სტრატეგიული წინსვლა მოუტანა.


2001 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ამერიკულ ეკონომიკას დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარზე მეტით ჩამორჩებოდა, თუმცა, 2002-2008 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და მან ამერიკისას თითქმის 2 ტრილიონით გადაასწრო. იმავე პერიოდში, ევროკავშირი გეოგრაფიულადაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რამაც მას საერთაშორისო პოლიტიკური პოზიციებიც დამატებით გაუმყარა. იმავე პერიოდში, ჩამოყალიბდა ევროკავშირისთვის მოგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, საიდანაც ევროკავშირს იაფ ბუნებრივ რესურსებზე დაუბრკოლებელი წვდომა ჰქონდა, ეს კი ევროპული მრეწველობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანგელა მერკელის, გორდონ ბრაუნისა და ნიკოლა სარკოზის ლიდერობის პირობებში, გერმანიაც გერმანიას ჰგავდა, დიდი ბრიტანეთიც დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთიც საფრანგეთს.


რომ შევაჯამოთ, 2008 წლამდე ევროკავშირმა სტრატეგიული პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით, პოზიციები არსებითად გაიმყარა. შესაბამისად, ევროპის სახით, ამერიკას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენტი გაუჩნდა, რაც ამ უკანასკნელისთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა. 2008 წლიდან, ევროპის საქმე სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავიდა, რაშიც გადამწყვეტი წვლილი, ბუნებრივია, აგენტოკრატიის ოკეანისგაღმელ უფროსებს მიუძღვით. ძველი ქართული გამონათქვამის მიხედვით, გაჟეჟილს გატეხილი ჯობია. სამწუხაროდ, ევროკავშირი გაჟეჟილი ინსტიტუტია იმ გაგებით, რომ არც საერთაშორისო ორგანიზაციაა და არც სახელმწიფო. ჰიბრიდული ბუნების გათვალისწინებით, ევროკავშირს არა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი რამდენიმე სასიცოცხლო ელემენტი, მათ შორის, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურები და ეროვნული თავდაცვის სისტემა. ასეთ პირობებში, ევროკავშირი უკიდურესად მოწყვლადია გარე საფრთხეების მიმართ, რამაც ის, თანამედროვე სამყაროში ყველაზე მსხვილ აგენტოკრატიად აქცია.


ამ პირობებში, სამწუხაროდ, ევროპელი „ლიდერების“ ხელითვე ხდება ევროკავშირის განადგურება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით. თუ 2002-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 7,4 ტრილიონიდან 16,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, მისი ეკონომიკა 16,6 ტრილიონი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში შემდგარი სამი ომის ფონზე, ევროკავშირმა 14-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა და ეს სტაგნაცია და უკუსვლა დღესაც გრძელდება. ამასთან, ევროკავშირის ეკონომიკურმა სტაგნაციამ მისი წევრი ქვეყნების თითქმის პირდაპირპროპორციული სტაგნაცია გამოიწვია.


შედარებისთვის, 2022 წლის ბოლოს, ამერიკის ეკონომიკა 25 ტრილიონზე მეტი იქნება, ანუ ამერიკელებმა ევროპას 2008 წლიდან არა მხოლოდ 2 ტრილიონის ჩამორჩენა გაუქვითეს, არამედ ამას ზემოდან 9 ტრილიონის უპირატესობაც დაუმატეს. მოსალოდნელია, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივების ფონზე, ევროკავშირის ეკონომიკა და მრეწველობა არათუ უკუსვლას განაგრძობს, არამედ მან საბოლოო ფუნდამენტური დარტყმა შეიძლება მიიღოს. სამმა ომმა ევროკავშირს თანდათანობით ჩაუჭრა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მიმდინარე ომის საბოლოო შედეგი კი, ევროპისთვის იაფ რუსულ გაზსა და ნავთობზე წვდომის სრული შეზღუდვა იქნება. შესაბამისად, ევროპა სრულად დარჩება დამოკიდებული ძვირ ამერიკულ გაზსა და ნავთობზე, რაც მის ეკონომიკასა და მრეწველობას უკიდურესად დაასუსტებს და სტრატეგიულ დამოუკიდებლობას სრულად დაუკარგავს.


ყველას გვახსოვს, მაგალითად, ფრანგული და იტალიური კინემატოგრაფი, რომლისგანაც დღეს, პრაქტიკულად, აღარაფერია დარჩენილი და რომელიც მთლიანად ჰოლივუდმა შთანთქა. არსებული ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საუკუნოვანი გერმანული ინდუსტრიაც და შვეიცარიული საბანკო სისტემაც სწორედ ასეთივე სრული შთანთქმისთვის არის განწირული. ასეთ პირობებში, ევროპა, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი სრულად კარგავს იმ მიზიდულობას, რომელიც მას 2008 წლამდე ჰქონდა და რომელსაც ის 2022 წლამდე ჯერ კიდევ ნაწილობრივ ინარჩუნებდა. გაზისა და ნავთობის გაძვირების ფონზე, ევროპული კომპანიები წარმოების ამერიკაში გადასატანად უკვე რიგში დგანან, რის გამოც ევროპული ეკონომიკა უახლოეს 2-3 წელიწადში 25-30 პროცენტითაც კი შეიძლება შემცირდეს.


მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირის ღირებულებითი შიგთავსი. ბუნებრივია, თითოეული ქართველისთვის ევროპა, პირველ რიგში, ის ღირებულებებია, რომლებსაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მყარად დაეფუძნა. სოციალური კეთილდღეობა, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი, ქრისტიანული კულტურა და ტრადიციები არის ის ღირებულებები, რომლებიც ქართველებს ევროპაში მოგვწონს და რომლის გამოც ევროპისკენ მივისწრაფვით.


თუმცა, ვხედავთ, რომ დღეს ევროპაში კულტურის ცნება ლგბტ პრაიდამდე, ერთსქესიანი ქორწინებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდამდე და ე.წ. ლგბტ ბავშვების საბავშვო ბაღებამდე დაიყვანება. გარდა ამისა, საგანგებოდ შექმნილი იდეოლოგიის საფუძველზე, ევროპას თავს მოახვიეს თითქმის ულიმიტო მიგრაცია, რის გამოც უძველესი ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნები საკუთარ ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას სწრაფი ტემპით კარგავენ. ბუნებრივია, ევროკავშირის წევრობის პირობებში, საქართველოც ასეთივე პროცესებისთვის იქნება განწირული.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმოქმედონ მაღალი პასუხისმგებლობით და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმ პერსპექტივების შესახებ, რომელიც ევროკავშირის მომავალს და შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს მომავალს უკავშირდება.


საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორი ეკონომიკური და ღირებულებითი შედეგი ექნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის არაფრისმომცემ სტატუსს საქართველოს მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობა არ გადააყოლოს“, - წერს შათირიშვილი.