გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ComCom-მა „TV პირველი", „რუსთავი 2" და „ალტ ინფო" კანონდარღვევის გამო გააფრთხილა

15-12-2022

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი" პროდუქტის განთავსების (Product Placement) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო, „რუსთავი 2" მაგარი სპირტიანი სასმელის განთავსების, ხოლო „ალტ ინფო" გადაცემის არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა.


ტელეკომპანია პირველის შემთხვევაში საქმე ეხება გადაცემას „დილის Live", რომელიც სამაუწყებლო ბადეში არსებული პროგრამების სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგისა და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიის მონიტორინგში მოხვდა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ გადაცემაში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა მოვლის პროდუქტების კომპანიის შესახებ.


გადაცემაში მიწვეული იყო კომპანიის წარმომადგენელი და თვალსაჩინოების მიზნით, სტუდიაში განთავსებული იყო კომპანიის პროდუქცია. აღნიშნულ გადაცემაში პროდუქტის რეკლამირებას 10 წუთზე მეტი დრო დაეთმო და შინაარსიც მორგებული და აწყობილი იყო კომპანიაზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისას მიიჩნია, პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით კი, გადაცემაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება უნდა მოხდეს ისე, რომ მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ასევე ის არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას და არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა.


„რუსთავი 2"-ის შემთხვევაში საქმე ეხება დილის გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო", სადაც მიწვეული იყო სასმელების კომპანიის წარმომადგენელი. გადაცემის მსვლელობისას სტუმარმა ეთერში მაგარი სპირტიანი სასმელისაგან, კერძოდ, არაყის გამოყენებით დაამზადა კოქტეილი და მაყურებელს მიაწოდა მაგარი სპირტიანი სასმელისაგან დამზადებული კოქტეილის რეცეპტი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია პროგრამაში მაგარი სპირტიანი სასმელის განთავსება.


ხოლო „ალტ ინფოს" შემთხვევაში საქმე ეხება გადაცემას „დღის კომენტარი", რომელშიც გავიდა ინტერვიუ არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე. ინტერვიუს ჯამურმა ხანგრძლივობამ 1 წუთი და 33 წამი შეადგინა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნულმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს.


იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის მსგავსი დარღვევისთვის „ტელეკომპანია პირველის", „რუსთავი 2"-ისა და „ალტ ინფოს" მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა.