გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა

16-12-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით კონკურსის  ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და 2022 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული კოლეჯის – „იკაროსის“ წარმომადგენელს საპატიო  პრიზები პირადად გადასცა.


მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს მონაწილეობა მივიღო ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებული „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც წელს უკვე მეხუთედ იმართება. ეს გახლავთ შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში წარმატებული მაგალითების წარმოჩენის გზით, დარგის პოპულარიზაციასა და მისი პრესტიჟის ამაღლებას უწყობს ხელს.


მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ყველასთვის. შესაბამისად, მსგავსი ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და საუკეთესო მაგალითებს გაეცნოს, ამასთან, შეაფასოს სისტემაში მიმდინარე და შესრულებული რეფორმები.


პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე – 2022 წლიდან პროფესიული განათლების საფეხურზე ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა, ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლების განვითარების მიმართულებით, რაც საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და  გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.


2021 წელს ჩვენმა გუნდმა სისტემაში უპრეცედენტო და ინოვაციური მართვის მოდელი დანერგა – საჯარო-კერძო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს. აღნიშნული ინოვაციური მოდელის დანერგვით, ახალი სტრატეგიითა და მიზნებით სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, რაც მართლაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისკენ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსის დაარსების დღიდან პროექტის აქტიური მხარდამჭერია. პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყოველთვის მივესალმები პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს და გპირდებით, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“  კონკურსის ხელშეწყობას.


მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორს – ათასწლეულის ფონდს, კონკურსის მხარდამჭერებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. მადლობას ვუხდი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, რომელიც დაარსების დღიდან „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“  მთავარი ფინანსური მხარდამჭერია.


განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ისა და ისრაელის ელჩებს. ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც ისრაელის მთავრობებს უკვე მრავალი წელია საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.“


2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოების ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი  საქართველოში ჰადას მეიცადი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.


პროფესიული განათლების 2022 წლის სტუდენტი კოლეჯ „იკაროსის“ კურსდამთავრებული აკაკი ცანკაშვილი გახდა, რომელიც წარმატებულად დაეუფლა კონდიტერის პროფესიას და დღეს კოლეჯ „იკაროსში“, მასწავლებლის სტატუსით უზიარებს საკუთარ ცოდნას მოსწავლეებს;  2022 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“ პედაგოგმა, გრიგოლ ფრანგიშვილმა მოიპოვა. 2022 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული კოლეჯი „იკაროსი“ გახდა პროგრამით – კულინარიის ხელოვნება, ხოლო წლის პროფესიული მომზადების/ გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა“, პროგრამით – კერძების მომზადების ტექნოლოგია.


წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური ჯილდოები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ. საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში, გადაეცა კოლეჯ „მოდუსს“. უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი კი რამდენიმე ქვე-კატეგორიაში გადაეცათ რუსთავის მუნიციპალიტეტს (წლის რეგიონული მხარდამჭერი), საქართველოს ბიზნესის აკადემიას - SBA (წლის საერთაშორისო ინიციატივა), თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს (წლის საიმიჯო კამპანია) და ქეთევან სუჯაშვილს, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან (წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი).


„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით წელს მეხუთედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.