16-12-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად მუშაობს სტუდენტთა საცხოვრებლების საკითხზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერ ზურაბ ორჯონიკიძესთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთან სტუდენტური საცხოვრებლების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მინისტრმა ყველა ის შესაძლებლობა განიხილა, რაც პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართოს.
თავის მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებმა მინისტრს მოკლე ვადებში სტუდენტთა საცხოვრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები გააცნეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტების განხორციელების საქმეში მათ მხარდაჭერას გაუწევს.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე ესწრებოდნენ.