29-11-2017
კახეთის რეგიონში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზება იგეგმება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, თბილისი-ბაკურციხე- წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების მიმართულებით საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომპანია JV AECOM & ILF თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის 80 კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპორექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 514 704 ევროს და 3 124 683 ლარს შეადგენს.
,,პროექტირების ვადა 2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლამდე უნდა მოხდეს. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია'',- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
წყარო: kNEWS.GE