6-07-2018
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მოსახლეობა საფრთხისშემცველი ადგილებიდან გაყვანილია. მისივე თქმით, შეძლებისდაგვარად მდინარის კალაპოტთან მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში აღდგეს გზები და დასტაბილურდეს ვითარება ჭუბერის ხეობაში.
"მოსახლეობა გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ზუსტად ორი საათის წინ საფრთხის ახალი ლოკაცია გაჩნდა, სადაც ორ ოჯახს შეექმნა საფრთხე და ორივე ოჯახი გადავიყვანეთ. ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორმე მდინარეს კალაპოტი შვუცვალოთ და ეს ორი სახლი დანგრევას გადავარჩინოთ. ზუსტად ხუთი წუთის წინ ვერტმფრენით ხუთი ადამიანი გადმოვიყვანეთ ხეობის სათავიდან, სოფლის ცენტრიდან ათი კილომეტრის მოშორებით, იქ საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ოცდაათამდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქართველი ტურისტები. მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ, მაგრამ გარესამყაროს არიან მოწყვეტილები, რის გამოც ხუთმა ადამიანმა გამოთქვა ადგილის დატოვების სურვილი, დანარჩენები ადგილზე დარჩნენ.
ამ წუთში ვერტმფრენი კიდევ ერთი სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად სხვა ხეობაში გაფრინდა, სადაც კიდევ ერთ ადამიანს დასჭირდა სასწრაფოდ დახმარება. თუმცა ამ შემთხვევის შესახებ მეტ დეტალს ჯერჯერობით არ ვფლობ.
მდინარის კალაპოტთან მუშაობა ძალიან რთულია, მუშაობს მძიმე ტექნიკა, მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდება მდინარის დამორჩილბა. როდესაც მდინარისგან ჩნდება ხერგილი, ასეთ დროს იქ ტექნიკით მუშაობა შეუძლებელია. სადაც მოსახერხებელია, იქ კი ვცდილობთ მდინარე თავის პირვანდელ კალაპოტს დავუბრუნოთ, რომ სხვა სახლებს მაინც არ შეექმნას საფრთხე.
მეორე გადაუდებელი ამოცანაა, გადავრჩიონოთ გზები იქ, სადაც გზების გადარჩენა არის შესაძლებელი"-აღნიშნა სუბარმა.
სოზარის თქმითვე, დაწყებულია ზარალის დათვლა და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველა დაზარალებულ ოჯახს მაქსიმალური დახმარება გაეწევა.
" პარალელურად ვიწყებთ იმ ზარალის დათვლას, რომელიც მოსახლეობას მიადგა. ზარალის რაოდენობაზე ახლა საუბარი ნაადრევია, მაგრამ დათვლილია 21 ოჯახი, აქედან რვა-ცხრა ოჯახი ძალიან არის დაზარალებული, დანარჩენებსაც შედარებით ნაკლები, მაგრამ ზიანი მიადგათ.
პრემიერ-მინისტრმა ხეობის დატოვებამდე მომცა პირადად მე დავალება და გასცა ზოგადადაც, რომ ზარალი იქნება სრულიად დათვლილი და თითოეულ ოჯახს აუნაზღაურდება ის ზარალი, რაც მათ მიადგა. ყველა ის სახლი აღდგება, რომლის აღდგენაც შესაძლებელი იქნება , ხოლო სადაც აღდგენა ვერ მოხერხდება, ახალი აშენდება, ხოლო იქ, სადაც მიწა წაღებულია ან იქ ცხოვრება მომავალშიც საფრთხის შემცველი იქნება, ოჯახებს ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილს შევთავაზებთ. ასე რომ, იმის პარალელურად, რაც ხდება, მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება გაეწევა.
რაც შეეხება სტიქიის გამომწვევ მიზეზს, სპეციალისტების ცნობით, რაც ამ ეტაპზე ვიცით დასკვნის სახით, არის ის, რომ ძალიან დიდმა და ხანგრძლივმა სიცხეებმა გამოიწვია მიწის გამოშრობა, რასაც უეცარი თავსხმა წვიმები მოჰყვა, გამომშრალმა მიწამ კი არ მიიღო ნალექი, არ შეიწოვა და შესაბამისად, მთელი ეს მასა ხეობაში წამოვიდა და მოხდა ის უზარმაზარი სტიქია, რისი მომსწრენიც ვართ. შეიძლება ითქვას, ამ ეტაპისტის მდინარის დონე დასტაბილურდა, მატების ტენდენცია არ შეიმჩნევა, ხვალიდან კი უფრო მეტი სტაბილურობის შენარჩუნების იმედი უნდა ვიქონიოთ"-განაცხადა სოზარ სუბარმა.