21-12-2022
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებისთვის გასაკვირი არ იყო GORBI-ის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, „ხალხის ძალის“ ქმედებებსა და შეხედულებებს გამოკითხულთა 46% ეთანხმება.
„მინდა, საზოგადოებას მადლობა გადავუხადო იმ სწორი რეაქციისთვის, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გამოიჩინა, როდესაც ჩვენი ქვეყანა - საქართველო გამოწვევების წინაშე დადგა. ჩვენ, რამდენიმე დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლა მოგვიწია, რათა კულისებიდან საჭირო ინფორმაციის გამოტანისა და საზოგადოებისთვის ამის ახსნის პოლიტიკა აგვერჩია. მადლობა საზოგადოებას იმისთვის, რომ სწორად აღიქვა ის პოლიტიკა და ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ, რამდენიმე დეპუტატმა სულ რაღაც 4-5 თვეა დავიწყეთ და საზოგადოებრივი მოძრაობა დავაფუძნეთ. ავირჩიეთ პოლიტიკა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის ომის, რევოლუციებისა და არეულობების თავიდან აცილებას გულისხმობს, არამედ ზოგადად იმ პოლიტიკის დანერგვას მოიცავს, რომ როცა ხალხი პარლამენტის წევრს, პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელს ირჩევს, ვალდებულია, ხალხი, საჭირო ინფორმაციით, საქმის კურსში ჩააყენოს. ხელისუფლების წყარო ხალხია და ეს მხოლოდ ჩანაწერი არ უნდა იყოს კონსტიტუციაში. ამ 3-4 თვის განმავლობაში, საზოგადოებამ დაინახა, რომ მას არა მხოლოდ არჩევნების დროს ეკითხებიან საკუთარ აზრს, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე, გამოწვევების დროს საზოგადოებას საქმის კურსში აყენებენ... არა მხოლოდ ზოგადი ტრაფარეტული სიტყვებით ესაუბრებიან, არამედ ეუბნებიან, - აი, თქვენ რომ აგვირჩიეთ, ეს პოლიტიკა აქვს ამ ქვეყანას, ეს გამოწვევები აქვს და ეს გადაწყვეტილებაა ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან, აქედან გამომდინარე, თქვენი რეაქცია როგორია? ნახეთ, რომ საზოგადოების რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატური იყო. ბოლო წლების განმავლობაში, ქართული საზოგადოება, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან ჩამოყალიბდა, დღეს საზოგადოება გაცილებით მაღალი პოლიტიკურ ინტელექტუალური რესურსის მქონეა, ვიდრე - პოლიტიკური პარტიები. სწორედ ეს არის საქართველოში ოპოზიციაში კრიზისის მიზეზი - ვერა და ვერ დაიჭირა ხალხის შეხედულება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.