21-12-2022
ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ პროფესორებს და მოწვეულ ლექტორებს შეხვდა, რომლებიც მომავალი წლის გაზაფხულის სემესტრში ერთი კვირის განმავლობაში ევროპულ უნივერსიტეტებში ლექციებს წაიკითხავენ.
2022-23 წლის შემოდგომის სემესტრის კონკურსის ფარგლებში, ერასმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამით სწავლების მობილობის გრანტი თსუ-ს 60-მდე აკადემიურმა პერსონალმა მოიპოვა შვიდივე ფაკულტეტიდან.
შეხვედრაზე თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ევროპულ უნივერსიტეტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორული კავშირების გაფართოებაზე პროფესორებისა და სტუდენტების მობილობის ფარგლებში.
მისი თქმით, მომდევნო წელს თსუ-ელები უფრო მეტი გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ.
„ვაპირებთ, რომ გაცვლითი პროგრამების დროს ჩატარებული აქტივობები აისახოს პროფესორების დატვირთვაზე. ამასთანავე, ვგეგმავთ, რომ დავნერგოთ დამატებითი წახალისების პროგრამა იმ პროფესორებისთვის, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპულ უნივერსიტეტებში წაიკითხავენ ლექციებს. პარალელურად, ვგეგმავთ იმ ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების უფრო დახვეწას და გამრავალფეროვნებას, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენთან გაცვლითი და მობილობის პროგრამების ფარგლებში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ერასმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებშითსუ აკადემიური პერსონალი 8-საათიან სალექციო კურსს ჩაატარებს ევროპულ უნივერსიტეტებში. პროგრამას ევროკავშირი სრულად აფინანსებს თსუ-სა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ მოპოვებული მიზნობრივი გრანტების ფარგლებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან დღემდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 420-ზე მეტ პროექტში მონაწილეობს ევროპის 29 ქვეყნის 150-ზე მეტ უნივერსიტეტთან ერთად. თსუ საგარეო ურთიერთობათ დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას თქმით, „პროექტის დაწყებიდან დღემდე განვახორციელეთ 4 ათასამდე მობილობა - ევროპულ უნივერსიტეტებში გავუშვით ჩვენი პროფესორები და სტუდენტები და ევროპული უნივერსიტეტებიდან თსუ-ში მივიღეთ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ამ პროგრამის ფარგლებში მომავალი წლის მხოლოდ თებერვალში 21 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების 70 წარმომადგენელს მივიღებთ თსუ-ში,“- აღნიშნა თეა გერგედავამ.