21-12-2022
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 21 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.
"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია და პანდემიისგან წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად ნავთობპროდუქტების ფასებმა მოიკლო. ამავდროულად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები სწრაფი ტემპით შემცირებას განაგრძობს, რაც იმპორტირებული პროდუქტების ფასებზეც უნდა აისახოს. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და ნოემბერში 10.4 პროცენტი შეადგინა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის. საყურადღებოა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტიც. ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია - რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. წინასწარი შეფასებით, ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 8.3 პროცენტია, მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა კი 10.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს.
აღნიშნული რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების ტენდენცია საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე დაანონსებული კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ზრდა საკრედიტო აქტივობაზე ასევე გამკაცრების მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, მცირდება ფისკალური დეფიციტი. ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას უნდა დაეხმაროს. მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
აქვე ხაზგასასმელია, რომ, ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს" - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 1 თებერვალს ჩატარდება.