გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი გენერატორები უკრაინაში გაიგზავნა

21-12-2022

საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეიძინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" - ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა.


გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრნენ, რომელმაც საქართველოს მთავრობას, პირადად, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.


"სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში," - აღნიშნა უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.


თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან არ იშურებს ძალისხმევას, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს გაგზავნილი მაღალი სიმძლავრის გენერატორების პარტია უკრაინაში, მცირედით მაინც შეუმსუბუქებს უკრაინელ ხალხს არსებულ პრობლემებს.