გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ერთობლივი განცხადება საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დასრულებისას

22-12-2022

საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს შორის გამორჩეული ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საუდის არაბეთის სამეფოს 2022 წლის 21-22 დეკემბერს.


მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა რუადში ალ-იამამას სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა მის სამეფო უმაღლესობას და მის აღმატებულებას შორის და საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების გზებს სხვადასხვა მიმართულებით. აზრთა გაცვლა მოხდა მიმდინარე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების განვითარების შესახებ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიადის კანდიდატურას მხარს დაუჭერს უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს და გამოთქვა რწმენა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს შესწევს ძალა ჩაატაროს გამორჩეული საერთაშორისო გამოფენა ინოვაციების საუკეთესო დონის დემონსტრირებით და აღნიშნული გლობალური ღონისძიების ისტორიას განსაკუთრებული გამოცდილება შესძინოს.


მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი დიდად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან 2030 წლის საერთაშორისო ექსპოს მასპინძლის კანდიდატურის რიადის მხარდაჭერას.


ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც მოხდება სავაჭრო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საერთო და ერთობლივი ინვესტიციების გაზრდა, საუდის არაბეთის სამეფოს 2030 წლამდე გაწერილი ხედვის შესაბამისად ინტეგრაციისა და კაპიტალდაბანდებების შესაძლებლობათა გამოყენება და საქართველოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბისა და ტემპის ზრდაში. მათ ხაზგასმით აღნიშნეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორში ინვესტიციებისთვის შესაბამისი პირობების, საერთო ვიზიტების გააქტიურების, პერიოდული საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა და ორივე ქვეყნის მეწარმეებს მოუწოდეს არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისკენ და ხელშესახებ პარტნიორობაში გარდაქმნისკენ. მხარეები შეთანხმდნენ საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ჩამოყალიბებაზე.


ენერგეტიკის სფეროში ორივე მხარე ხაზგასმით აღნიშნავდა ნავთობის გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის მნიშვნელობას. ქართული მხარე მიესალმება ნავთობის გლობალურ ბაზრებზე და მიწოდების სანდოობის სფეროში ბალანსისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შესრულებულ როლს. ამასთანავე, მხარეები გამოხატავენ სურვილს თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ელექტროსისტემების ურთიერთჩართვა, ჰიდრო-ნახშირბადის რესურსების ინოვაციური გამოყენება და ენერგო-ეფექტურობა, ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად.


კლიმატის ცვლილების სფეროში, ქართული მხარე მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს მიერ „საუდის მწვანე ინიციატივას" და „ახლო აღმოსავლეთის მწვანე ინიციატივას" და მხარდაჭერას გამოხატავენ კლიმატის ცვლილების სფეროში საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს ნახშირბადის ცირკულარული ეკონომიკის და ამგვარი მიდგომის დამკვიდრებას. ხსენებული პროგრამის განხორციელება საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო და დამტკიცდა დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ხაზგასმით ადასტურებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების პრინციპების მნიშვნელობას, ისევე როგორც ისეთი კლიმატის შეთანხმების შემუშავებისა და განხორციელების საჭიროებას, რომელიც აქცენტს გააკეთებს ემისიაზე და არა წყაროებზე.


ორივე მხარე ადასტურებს სამრეწველო და სამთო-მომპოვებელ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ძალისხმევის მნიშვნელობას; ასევე, ამ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობების იმგვარ გამოვლენაზე, რაც საერთო ინტერესებს დააკმაყოფილებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის მქონე აგრარული პროდუქციის წარმოების სფეროში თანამშრომლობის დონის გაზრდა და განაცხადეს, რომ მიესალმებიან ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებას სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეთევზეობის, მეტყევეობის და ნაკრძალების სფეროში. ორივე მხარე გამოხატავს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შეთანხმებულ სფეროებში ორმხრივი ჩარჩოს სამომავლო შემუშავების სურვილს.


ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის სფეროში საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე, რაც სარგებელს მოუტანს ტურიზმის სექტორს და მის განვითარებას. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მხარეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კავშირგაბმულობა, ციფრული ეკონომიკა, ინოვაციები და კიბერ-სივრცე, რათა ორივე ქვეყანაში უკეთესი მომავალი იქნეს უზრუნველყოფილი შემდეგი თაობებისთვის. ორივე მხარე გამოხატავს თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს ჯანდაცვის სფეროში და ადასტურებს გლობალური ინიციატივების ხელშეწყობის მზაობას მიმდინარე და სამომავლო პანდემიების დასაძლევად, ასევე ჯანდაცვის სფეროში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად.


მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაძლიერების მნიშვნელობას სატრანსპორტო სფეროს სხვადასხვა მიმართულებით და ავიაციის გააქტიურებით, რაც შექმნის ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობას საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.


განათლების სფეროში, მხარეები ადასტურებენ თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების მიმართულებით, ასევე პირდაპირი კომუნიკაციის წახალისებით ორი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე, მხარეები აცხადებენ თანხმობას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნის საკითხებზე სამუშაოდ.


უსაფრთხოების სფეროში, მხარეები ადასტურებენ სურვილს საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობისა და კოორდინაციის დონის გაზრდის მიმართულებით, რაც მოიაზრებს დანაშაულის ნებისმიერი ფორმის აღკვეთას, გამოცდილების გაზიარებას, კადრების გადამზადებას, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას, რათა ორ მეგობრულ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოება და სტაბილურობა.


საერთაშორისო მიმართულებით, მხარეები კვლავ ადასტურებენ განზრახვას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ძალისხმევის მიმართ. უკრაინა-რუსეთის კრიზისის საკითხზე, მხარეები ხაზს უსვამენ დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და ვითარების ესკალაციის ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით შემცირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას, ხოლო ხსენებული კრიზისის უარყოფით შედეგებს შეამცირებს. ქართული მხარე მადლიერებით აღნიშნავდა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ძალისხმევას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნების მქონე ომის პატიმრის გათავისუფლებას და ამ მიმართულებით გაწეულ მუდმივ ძალისხმევას. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის სამეფოს მიერ უკრაინისადმი ახლახან დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც უკრაინელი ხალხის მდგომარეობას შეამსუბუქებს.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორუმებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, ურთიერთმხარდაჭერას და კოორდინაციას გააგრძელებენ. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხებზე და საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ თემებზე. მათ დაადასტურეს თანამშრომლობისა და კოორდინაციის სურვილი ამ მიმართულებით და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით.


იემენის საკითხთან დაკავშირებით, მხარეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევის მიმართ, რაც იემენის კრიზისის სრულყოფილ პოლიტიკურ მოგვარებას ისახავს მიზნად. ქართულმა მხარემ მოიწონა საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივა იემენში ომის დასრულების შესახებ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობისკენ მიმართული ძალისხმევისა და ინიციატივების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს იემენის რესპუბლიკის საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს ხელშეწყობის მნიშვნელობა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი ამოცანების შესრულება, რაც იემენის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს სპარსეთის ყურის ინიციატივის და მისი განხორციელების მექანიზმების შესაბამისად, იემენის ეროვნული დიალოგისა და უშიშროების საბჭოს 2015 წლის N2216 რეზოლუციის თანახმად. ქართული მხარე აფასებს საუდის არაბეთის სამეფოს ჰუმანიტარულ დახმარებას, შემწეობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს, რომლებიც იემენის ხალხისთვის იქნა უზრუნველყოფილი მეფე სალმანის სახელობის ჰუმანიტარული დახმარებისა და შემწეობის ცენტრის საშუალებით, ისევე როგორც საუდის არაბეთის განვითარებისა და იემენის რეკონსტრუქციის პროგრამის საშუალებით ხორციელდება.


ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლიერება და პატივისცემა გამოხატა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის მიმართ პირადად მისი და თანმხლები დელეგაციის გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. მისმა სამეფო უმაღლესობამ შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა საქართველოს, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება.