გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

,,ხალხის ძალა": სპეცოპერაციის ავტორები ფიქრობენ, რომ სააკაშვილს აგონიაში მყოფი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, პოლარიზაციის გაღვივება, ვითარების არევა, ხელისუფლების გადატრიალება და აქ მეორე ფრონტის გახსნა შეუძლია

23-12-2022

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებსმ რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

,,მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციის ჩავარდნისთანავე, მისმა ავტორებმა ახალი სპეცოპერაცია - „ფრი მიშა“ წამოიწყეს. ამ სპეცოპერაციასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც პირველს ჰქონდა. სპეცოპერაციის ავტორები ფიქრობენ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც აგონიაში მყოფი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, მინელებული პოლარიზაციის ხელახლა გაღვივება, ქვეყანაში ვითარების არევა, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა შეუძლია.

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სპეცოპერაცია “ფრი მიშას” ავტორები ჩრდილში რჩებოდნენ, რადგან პირველ სპეცოპერაციასთან მათი კავშირის გაშიფვრის ეშინოდათ. თუმცა, როდესაც ლოკალური რესურსით მიზანს ვერ მიაღწიეს, თავის გაშიფვრასაც არ მოერიდნენ და საქმეში უკვე სრულმასშტაბიანი კოორდინაცია ჩართეს.

 

გუშინ „ფრი მიშას“ სპეცოპერაციას 11-წუთიანი გადაცემა CNN-ზეც კი მიუძღვნეს. მთელი გადაცემა ფეიკებით ისე იყო გაჯერებული, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველსაც“ კი შეშურდებოდათ. გადაცემაში საწინააღმდეგო აზრის გახმოვანება აზრადაც არ მოსვლიათ, რაც ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა. არაჟნის კონტეინერით საქართველოში უკანონოდ შემოპარული ექსპრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შემწყალებელი და ვალერი გელაშვილის წამების შემკვეთი CNN-ზე, ნაცმოძრაობის ხელით წარმოებული ფეიკკამპანიის შესაბამისად, პუტინის პირად პატიმრად გაასაღეს, ხოლო საავადმყოფოში სრულ კომფორტში მყოფი პატიმარი წამებულად გამოიყვანეს. როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტელევიზია ნოდარ მელაძის დონემდე დადის, ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის გარშემო და რამდენად მნიშვნელოვანია საბოლოო მიზანი, რომელსაც სააკაშვილის განთავისუფლება ემსახურება.

 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ ამერიკაში გაყალბდა დასკვნა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის შესახებ. მარტივი მანიპულაცია, რომელიც ახალი ფეიკკამპანიის აგორების მიზნით განხორციელდა, მათივე დოკუმენტებიდან მარტივად გაიშიფრა, რაზეც პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსმა საზოგადოებისთვის ვრცელი განმარტება გააკეთა.

 

გუშინ მაკკეინის ინსტიტუტმა შემოიტანა ახალი ფეიკი, რაც მანამდე არავის გაუბედავს. კერძოდ, ინსტიტუტმა სააკაშვილის პატიმრობის კანონიერებაშიც კი შეიტანა ეჭვი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა, მის მიერ გირგვლიანი მკვლელების შეწყალება და გელაშვილის წამების შეკვეთა იმდენად ცხადი დანაშაულებია, რომ აქამდე სააკაშვილის პატიმრობის უკანონობაზე ლაპარაკს არავინ კადრულობდა. თუმცა, როგორც ჩანს, „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის ავტორებისთვის პოლიტიკური მიზანი ყველანაირ უკადრებელ საშუალებას ამართლებს და მაკკეინის ინსტიტუტმაც ეს უკადრებელი სრულიად თავხედურად იკადრა.

 

ვხედავთ, რომ ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტის გადასარჩენად კულმინაციას აღწევს. უშუალო ამერიკულ რესურსებთან ერთად, მასში სრულად არიან ჩართული ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, რადიკალიზმის გაღვივება, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, აუცილებელია, ხელისუფლების ყველა შტომ ზეწოლას სათანადოდ უპასუხოს და სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების საშუალება არავის მისცეს" - ნათქვამია განცხადებაში.