გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რომეო მიქაუტაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა

23-12-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივების შესახებ მოხსენება გააკეთა.


„ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. ჩვენი, როგორც ქვეყანაში ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების, ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას. მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, მოსახლეობისა და ბიზნესის სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითადი წინაპირობაა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელი რეკორდულია რამდენიმე პარამეტრით. მათ შორის, 11 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ 13 მლრდ. კვტ სთ-ს გადააჭარბა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია და 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე 13 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამაც, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 4%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს. გარდა ამისა, განხორციელდა 988 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში. ასევე 2022 წელს პირველად არ დაიღვარა ჰესებიდან წყალი და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებული იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.


საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსზე საუბრისას, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დადგმული ენერგოსიმძლავრის ნახევარზე მეტი მარეგულირებელ ჰესებზე მოდის, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურების წილი 21 პროცენტია. გარდა ამისა, ელექტროენერგეტიკულ ქსელში ჩართულია 5 თბო და ქარის ერთი სადგური. მისი თქმით, ადგილობრივი გენერაციის ორმესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა თითქმის 80%-ს მიაღწია, მათ შორის 42% მარეგულირებელ სადგურების წილია.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გაფორმდა 68 ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და ადგილობრივ გენერაციას წლიურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს. მისი თქმით, ინვესტორთა მხრიდან იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობით. „როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციებზე, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სამინისტროს ეგიდით შეიქმნა წყალბადის კომიტეტი. კომიტეტში წარმოდგენილი არიან როგორც სახელმწიფო უწყებებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, კერძო სტრუქტურები. კომიტეტმა შეიმუშავა წყალბადის განვითარების სტრატეგიის პირველადი ვერსია," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის გადამცემ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, შავი ზღვის ელექტროკაბელის მეგაპროექტზე, აგრეთვე ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე.


საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდაჭერის სქემაზე, რომელიც კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებს ეფუძნება და შემუშავდა მწვანე ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტირებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნის მიზნით.


მოხსენების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.