გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფელ ინგირში დაკლული ცხენები იპოვეს

29-11-2017

ზუგდიდში, სოფლებს ინგირსა და თარგამულს შორის არსებული საავტომობილო გზიდან 100 მეტრში დაკლული ცხენების კიდურები, თავის ქალა და ტყავი ღია ცის ქვეშ, მინდორზე ყრია. საქონლის ნაწილები იქ, სავარაუდოდ, ტომრებით მიიტანეს, რადგან ის გარშემო ძვლებთან ერთად არის მიმოფანტული. სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოში მიიჩნევენ, რომ უნდა გაირკვეს, დაიკლა თუ არა ცხენები შემდგომი რეალიზაციისთვის.



აღნიშნული ტერიტორიიდან მოსახლეობა ერთ კილომეტრში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, აქ ცხენები არ ჰყავთ და ეჭვობენ, რომ საქონლის ნაწილები ახლო სოფლებიდან ან ქალაქიდან მიიტანეს.

„მანდ ადრე ძროხები დამყავდა საძოვარზე და არ შემიმჩნევია, ახალი დაყრილია, აქაური ამას არ იზამდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იმის გასარკვევად, იყიდება თუ არა ცხენის ხორცი ზუგდიდის ბაზარში ან ხვდება თუ არა სხვადასხვა საკვებ ობიექტში, რადიო “ათინათი“ სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ სამმართველოს დაუკავშირდა. სამმართველოს უფროსის მარიკას გულუას თქმით, ბაზარზე ცხენის ხორცი აკრძალული არ არის, თუმცა მისი მტკიცებით, ამ საქონლის ხორცი ბაზარზე ვერ მოხვდება.

„ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ბაზარზე არ იყიდება ცხენის ხორცი. ზუგდიდის სასაკლაოებში არ იკვლება, რადგან მისი დამუშავება სასაკლაოს ძვირი უჯდება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სასაკლაოს გვერდის ავლით ხორცი ბაზარზე ვერ მოხვდება. თუმცა საინტერესოა, ვინ დაყარა ნაწილები აღნიშნულ ტერიტორიაზე. ეს ეჭვს იწვევს, რომ სადღაც გააქვთ. “, - აღნიშნა მან.


 

 სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ ფაქტით დაინტერესდებიან, თუმცა მათივე თქმით, იმის გამოძიება, თუ ვინ დაყარა ნარჩენები, მათ კომპეტენციას ცდება.

„ეს უფრო სამართალდამცავი ორგანოების საკითხია, თუმცა ჩვენც დაინტერესებული ვართ, გავიგოთ, სად მიაქვთ ეს ხორცი ან ვინ კლავს მას“, -თქვა გულუამ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად „ზუგდიდასუფთავების“ სამსახურის წარმომადგელებს გაგზავნიან, ხოლო ფაქტის გამოსაძიებლად შესაბამის უწყებებს მიმართავენ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება ჯერ არ შესულა.

წყარო: რადიო "ათინათი"