კასპის მერია კულტურის ცენტრის შიდა სივრცის მოწყობას გეგმავს
26-01-2023
კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა პერიმეტრის მოწესრიგებასა და გათბობის სისტემის მოწყობას გეგმავს.
2022 წლის ბოლოს მერიამ კულტურის ცენტრის ცენტრალური გათბობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესახებ ტენდერი გამოცხადა. ამ ეტაპზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, პროექტირების დასრულების შემდეგ კი სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება. გარდა ამისა, 2023 წლის ბიუჯეტში შენობის შიდა ინტერიერის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 256 000 ლარი. შენობის ფართიდან და სარემონტო საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება.
ამჟამად შენობაში ფუნქციონირებს საშემსრულებლო წრეები, მერიის გადაწყვეტილებით პედაგოგები ფართით უსასყიდლოდ სარგებლობენ. ასევე მოქმედებს სხვადასხვა შეღავათები როგორც ბავშვებისთვის ისე იქ დასაქმებული პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში კასპის კულტურის ცენტრის გარე ფასადის რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა.