გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა

3-02-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა.


მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საუბრისას სტუდენტებისთვის კომფორტული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის კუთხით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი მრავალფუნქციური ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


მიხეილ ჩხენკელი: „ახლად გახსნილი მრავალფუნქციური ცენტრი, თავისი განახლებული ინფრასტრუქტურითა და კომფორტული გარემოთი, მართლაც გამორჩეულ სივრცეს სთავაზობს სტუდენტებს. აქ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობის ჩატარების, საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვისა და მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებათ, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი რეგიონის განვითარებისა და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავების საქმეში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების ერთ-ერთი გამორჩეული კერა გახლავთ, რომელიც დაარსებიდან დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის.

ქუთაისი მართლაც ყალიბდება რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბად. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.


კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ცენტრის დაარსების მნიშვნელობას. მჯერა, ახალი სივრცის გახსნა, სადაც სტუდენტებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას ექნებათ, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იქნება.


2023 წელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ნამდვილად გამორჩეულია – მოგეხსენებათ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დაარსების დღიდან 90 წელი უსრულდება და განსაკუთრებით საამაყოა, რომ სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი სიახლით ვიწყებთ ამ ღირსშესანიშნავი საიუბილეო თარიღის აღნიშვნას.“


სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებსა და თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მრავალფუნქციური ცენტრის პროექტის განხორციელებაში. 

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.  


მინისტრი მრავალფუნქციური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო და შემოქმედებით ნამუშევრებსაც გაეცნო, რომლებიც უნივერსიტეტში სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში იყო განთავსებული.  


ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებულ დარბაზში ასევე ჩატარდა უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლების ,,ადილასა“ და ,,კოლხას“ კონცერტი, რომელშიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების სპეციალობის (ყოფილი სამუსიკო კოლეჯი) სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.


მრავალფუნქციური ცენტრის გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ,  სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება ჯამში 2 330 133.19 ლარია.


პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსი – მოეწყო საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეები, 456 მსმენელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, სარეპეტიციო დარბაზი, სველი წერტილები და გამოსაცვლელი ოთახები.


მრავალფუნქციური ცენტრის გახსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-წლის იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.