7-02-2023
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მხრიდან ჩატარებული სამუშაო 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი საამაყოცაა და გულდასწყვეტიც. საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელის შეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
„ხომ დარწმუნდა ყველა, რომ არც ქუჩაში შეკრება ყოფილა საჭირო დამატებითი კითხვით: გინდა თუ არა ევროპა? და არც ხალხი და ხელისუფლება ყოფილა სხვადასხვა. თურმე, ხელისუფლებასაც ისევე სდომებია და უშრომია, როგორც ეს ხალხს სურდა. აი, ტექნიკური მთავრობა კი ვერ შედგა.
ხალხმა ისინი ამოიცნო და იმიტომაც ვერ შედგა. საზოგადოების გულწრფელი ემოცია ოპოზიციისთვის სასურველ რევოლუციურ ძალად ვერ იქცა, რაც ხელისუფლების ცვლილებას ისახავდა მიზნად. ჩვენ 12 ქულით გავუსწარით მოლდოვას და მხოლოდ 2 პრაქტიკულად „პოლიტიკური ქულით“ ჩამოვრჩით უკრაინას. არა მგონია ევროპელობის განმსაზღვრელი სოფლის მეურნეობა უფრო იყოს, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვა.
გულდასაწყვეტი კი იმითაა, რომ უსამართლოდ დაგვაყენეს ბოლოში და თანაც განსხვავებული „ბილეთით“ ხელში. საქართველომ თავისი დავალება პირნათლად შეასრულა. ახლა ჯერი ევროპაზეა და ვიტოვებ იმედს, რომ მისი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეცდომის გარეშე იქნება.
დღეს საქართველოს ისევე სჭირდება ჭეშმარიტი ღირებულებების ევროპა, როგორც ევროპას აღმოსავლეთის პოლიტიკური კარიბჭე - საქართველო. რა მოლოდინები გვაქვს და იქნება თუ არა სუბიექტური მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითაც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემას ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს საკუთარ იმიჯს. არ ვიცით, ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო ერთი რამ - საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა და დიდხანს რომ არ გაუგრძელდეთ ეს სახიფათო თამაში, შევახსენებთ ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა დღეს შენიღბული ფარია: - საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ჩვენ არ შევწყვეტთ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რაც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქართველი ხალხი გაუძლებს ამ რყევებსაც და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების გზაზე.
საქართველოსთვის ისევე როგორც, ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფოსთვის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები უპირატესია და ის არასდროს, არაფერში არ გაიცვლება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.