13-07-2018
ჯანდაცვისა და დევნილთა გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისი უწყების მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვაა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება.
ამის შესახებ სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჯანდაცვის მიმართულებაში მთავრ მიღწევად შეგვიძლია გამოვყოთ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც გააორმაგა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც გაუჩნდა შესაძლებლობა მისულიყო ექიმთან და ემკურნალა.
რაც ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივია, 2015 წლიდან გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ექიმს გეგმიური ამბულატორიური ვიზიტებისთვის მიმართავს. მოგეხსენებათ, ესაა ყველაზე ოპტიმალური ცვლილებაა. ახლა დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და მეტიც, დაავადების პრევენციისთვის მიმართავენ ექიმს და ესაა ღირსშესანიშნავი შედეგი.
ახალს ვერაფერს ვიტყვი ისეათ პროგრამაზე როგორიცაა ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა. აქაც მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება, ლიმიტირებულია დროში. ჩაერთონ სკრინინგში და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის პროცესში.
გამოწვევების ნაწილში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გამოვყოფ იმას, რომ მიუხედავდ იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვნად შეამცირა მოქალაქის ჯიბიდან გადასახადები, ის ისევ მაღალი რჩება - თუ იყო 70%, ახლა ესაა 55% და მათი ჯიბიდან გადასახადის 70%-ზე მეტი მოდის მედიკამენტებზე.
ასე რომ, თუ დაისმება კითხვა, რომელიმე ერთი გამოწვევის დასახელებისთვის ჯანდაცვაში, მე დავასახელებდი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას"- განაცხადა სერგეენკომ.