8-02-2023
ცივილიზებული სამყარო და ისტორიის სწორი მხარე კი არა - ქარვასლაა! ყველაფერს იყიდი ფულით - ნობელიანტი ექიმის დასკვნას, ევროპარლამენტის რეზოლუციას, “ნიუ იორკ თაიმსის” პირველ გვერდს, კონგრესმენის ტვიტს და ა.შ. - ასე ეხმაურება მოძრაობა „აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებში ასახული მილიონი დოლარი, რომელიც იურიდიულმა კომპანიამ „Akerman LLP“ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების ლობირებისთვის მიიღო, უდიდესი რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილია.
მისივე განცხადებით, „სააკაშვილის პატრონები“ ყველანაირი ბინძური მეთოდით ცდილობენ პატიმრობიდან მის გათავისუფლებას, ხოლო კონტრაქტი, რომლის გაფორმებაშიც ქართველი ხალხისთვის წართმეული ფულია გადახდილი, ქართული სახელმწიფოს ჩამოშლას ემსახურება.
„ცივილიზებული სამყარო და ისტორიის სწორი მხარე კი არა - ქარვასლაა! ყველაფერს იყიდი ფულით - ნობელიანტი ექიმის დასკვნას, ევროპარლამენტის რეზოლუციას, “ნიუ იორკ თაიმსის” პირველ გვერდს, კონგრესმენის ტვიტს და ა.შ. სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას, ბიუჯეტიდან მოპარული, ბიზნესის რეკეტით და ოჯახების განადგურებით ნაშოვნი ფულით ყიდულობდა “დემოკრატიის შუქურის” წოდებას, ახლა კი, იგივე დანაშაულებრივი ფულით ყიდულობს "წამებულის" და “პუტინის პატიმრის” სტატუსს. ის, რაც საოზოგადოებამ ისედაც იცოდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდა. ცხადია, იქ ასახული მილიონი დოლარი, უდიდესი რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილია. ამ ფულზე უფრო დიდი ღირებულების და ძალისაა - ინტერესები, გლობალური ომის პარტიის ინტერესები! “აგენტი დაიჭირეს, ჩვენ ის ცოცხალი და თავისუფალი გვჭირდება, ის ჯერ ჩვენს წინააღმდეგ არ წავა და არ გავთქვამს, იმიტომ რომ ვჭირდებით…” - ამბობენ სააკაშვილის პატრონები და ყველანაირი ბინძური მეთოდით ცდილობენ მიზნის მიღწევას. სააკაშვილის ოჯახმა გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლას და ამაში ქართველი ხალხისთვის წართმეულ ფულს იხდის“ - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.