9-02-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ჩხენკელმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა და ქვეყნის წინსვლისა და განვითარების კუთხით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით საამაყოა, რომ უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის გამორჩეულ პროფესორებს საპატიო ჯილდოები გადაეცემათ.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 8 თებერვალს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმაღლესი განათლების პირველი კერა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა.
ყველას გილოცავთ უნივერსიტეტის იუბილეს, განსაკუთრებით სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, ადმინისტრაციასა და სრულიად საზოგადოებას. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ამ ღირსშესანიშნავი საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
უნივერსიტეტის დაარსების იდეა გახლდათ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ აკადემიური და ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენის თვალსაზრისითაც. სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებამ შეასრულა გარდამტეხი როლი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში.
სიმბოლურია, რომ ჩვენმა წინაპრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამორჩეული ქართველი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სწორედ განათლება ქმნის ქვეყნის ერთიანობის, წინსვლისა და განვითარების მყარ საფუძველს.
დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებას სთავაზობს. აქ მრავალი თაობა აღიზარდა, რომლებმაც საქართველო არაერთხელ ასახელეს საერთაშორისო ასპარეზზე.
უნივერსიტეტი დღესაც აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ერთგულად ემსახურება ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – საქართველოს მომავალზე, ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის იყო და არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური მხარდამჭერი და პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტში აკადემიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას.
წელს უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სამეცნიერო აქტივობა განხორციელდა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის საპატიო ჯილდოებს გადავცემთ უნივერსიტეტის გამორჩეულ პროფესორებს. მსგავსი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება აუცილებელია, რადგან ქართველი მეცნიერების დაფასება და ახალგაზრდებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა, კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უნივერსიტეტის 105 წლის იუბილე და ყველა უნივერსიტეტელს გულითადი წარმატება ვუსურვო.“
ღონისძიების დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან ერთად, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის დააჯილდოვა პროფესორები და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
საპატიო პრიზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტის 14 პროფესორს გადაეცა. მათ შორის იყვნენ – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები ქეთევან ჭკუასელი და იამზე კუტალაძე; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები რევაზ გაჩეჩილაძე და ნათელა დონაძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები დარეჯან თვალთვაძე და მანანა რუსეიშვილი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები ელიზბარ ნადარაია და რამაზ გახოკიძე; მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ნოდარ ხოდელი და ლალი შარვაძე; ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები სიმონ გელაშვილი და ნუგზარ თოდუა; იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები მარინა გარიშვილი და გოჩა ფერაძე.
დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, უნივერსიტეტების რექტორები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები, პანელური დისკუსიები, წიგნების პრეზენტაცია და სხვა. ამასთან, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე გაიხსნა ფაკულტეტის დამაარსებელ პროფესორთა სახელობის ხუთი აუდიტორია, მოეწყო რამდენიმე გამოფენა და საზეიმოდ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სპორტული სივრცეები.