გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

9-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის გეგმები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობაზე, რომელთაც უწყება მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება სამი ძირითადი მიმართულება: ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომი მომსახურება მოქალაქეებისათვის.


სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით ყურადღება გამახვილდა 2022 წელს დაწყებულ ისეთ პროექტებზე, როგორიც არის მიწის სისტემური რეგისტრაცია და სისტემური დამისამართება.


მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სახელმწიფო 59 მუნიციპალიტეტში წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკით მოქალაქისათვის უსასყიდლოდ აზომავს და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტის დაწყებიდან დღემდე საველე სამუშაოს ფარგლებში აიზომა 187 720 მიწის ნაკვეთი (57 151.26 ჰა); სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირდა 95 617 ნაკვეთი (39 420.6 ჰა); სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირდა 15 833 ნაკვეთი (4 902 ჰა).


სისტემური რეგისტრაცია დასრულდება 2024 წლის ბოლოს და პროექტის შედეგად დარეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ გასწორდება წლების წინ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა/ზედდებები, გაირკვევა მესაკუთრეთა ვინაობა, დადგინდება ნაკვეთების საზღვრები, მოხდება დავების შემცირება/პრევენცია, რეგისტრირებული უძრავი ქონება მოექცევა ეკონომიკურ ბრუნვაში.

სისტემური დამისამართება დასრულდება 2024 წელს და პროექტის ფარგლებში დამისამართდება ქვეყნის მასშტაბით 78% დაუმისამართებელი დასახლებები, კერძოდ: ქუჩების ფორმირება, ყველა უძრავი ნივთისათვის ნუმერაციის მინიჭება და მისამართების ასახვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. მისამართების ერთიანი ელექტრონული ბაზა მიეწოდება შესაბამის ორგანიზაციებს (პოლიცია, სასწრაფო, ფოსტა და სხვ.). გარდა ამისა, დაზუსტდება მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების საზღვრები.


შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, ასევე, მოისმინა ანგარიში 2022 წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული სერვისების განვითარების სტრატეგია 2022-2025 წწ. იმპლემენტაციის შესახებ. სტრატეგია გულისხმობს სახელმწიფო მომსახურების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი სტანდარტის შემუშავებასა და მოსახლეობისათვის სახელმწიფო სერვისების ამ ერთიანი სტანდარტით მიწოდებას. უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიის დანერგვის მიზნით და წლის ბოლოს იგეგმება,რომ 7-მა შერჩეულმა სახელმწიფო უწყებამ სახელმწიფო სერვისების ნაწილში ერთიანი სტანდარტით იხელმძღვანელოს.


საუბრისას, ასევე, აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რაც „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის იმპლემენტაციას უკავშირდება. იუსტიციის სამინისტრომ დანერგა ახალ კანონზე მორგებული მომსახურება და ატარებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა დაეხმაროს მეწარმეებს მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში, რაც 2023 წლის ბოლომდე რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.


პრემიერ-მინისტრმა მოისმინა, ასევე, ანგარიში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ. 2022 წელს გაიზარდა ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი; ასევე, გაიზარდა ნოტარიუსთა რიცხვი და გაფართოვდა სანოტარო ბიუროების გეოგრაფიული არეალი. რაც შეეხება სიახლეებს ამ მიმართულებით, იგეგმება გერმანიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება, ნოტარიუსთა გადამზადების კურსების დანერგვა, კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა და სხვა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე გადასვლას, რითაც იქნება დაცული თანამედროვე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები; დაინერგება ციფრული ხელმოწერა (ე.წ. Mobile ID) და გაეშვება ციფრული იუსტიციის სახლის აპლიკაცია.


საუბარი შეეხო ახალი იუსტიციის სახლების მშენებლობას. 2023 წელს ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ახმეტასა და ხაშურში. დაიწყება მშენებლობები ხელვაჩაურში, ცაისში, ტოლებში, ზოტში, საჩხერეში, შროშაში, მცხეთაში, საგარეჯოში, გლდანში; გაფართოვდება მობილური იუსტიციის სახლის არეალი, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება და ინოვაციური სერვისი საქართველოს ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი.


2023 წელს იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ინოვაციური სერვისების დანერგვას. მათ შორის იქნება იუსტიციის სახლის ახალი პროექტები – პერსონალური ასისტენტი, თვითმომსახურების სმარტ სივრცე და ხელოვნური ინტელექტი სატელეფონო მომსახურების სფეროში. იგეგმება სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინერგება პროექტები ელექტრონული თანაშემწე და ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულების მონიტორინგის სისტემა.


იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტის მხრიდან აღინიშნა, რომ 2020 წელთან შედარებით იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გაორმაგებულია, მაგალითად 2020 წელს - 389 626 000 (საბიუჯეტო - 238 813 000 ლარი, საკუთარი - 150 813 000 ლარი) ლარი, ხოლო 2023 – 758 800 000 ლარი (საბიუჯეტო - 392 400 000 ლარი, საკუთარი - 366 400 000 ლარი). იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს ამ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.


საუბარი შეეხო პრობაციის სისტემას, ხაზი გაესვა გატარებულ რეფორმებს, რომელთა უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს პრობბოქსი. პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) თავის სტატიაში პრობბოქსი ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პრობაციის კოდექსის პროექტი, რომელიც, მსგავსად პენიტენციური კოდექსისა, შესთავაზებს მთელ რიგ სიახლეებს და შეღავათებს როგორც პრობაციის სისტემის თანამშრომლებს, ისე პრობაციონერებს და სსიპ-ის სხვა ბენეფიციარებს; ხაზი გაესვა ახლად დანერგილ პირობით მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა შემთხვევის მართვის ერთიანი ელექტრონულ სისტემას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სსიპ-ის გამართულ და სწრაფ ფუნქციონირებაში.

წარმოდგენილ იქნა განრიდება-მედიაციის და არასრულწლოვანთა რეფერირების ახალი სივრცეების გახსნის გეგმა საქართველოს მასშტაბით.


პირველი, მეორე და მესამე დონის პრევენციის დანერგვის მიზნით განხილულ იქნა ახალი პროექტი – დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსი მასწავლებლებისთვის და პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ისარგებლებენ მობილური აპლიკაცია PROBAPP-ით, რათა მათ შეძლონ სახლიდან გაუსვლელად სააგენტოსთან დაკავშირებული სერვისების მიღება. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მაღაზია „რე-მარკეტის" როლს პატიმართა რესოციალიზაციის პროცესში და დაანონსდა ორი ახალი მაღაზიის გახსნა ქუთაისსა და ბათუმში.


განხილულ იქნა სიახლეები საარქივო მომსახურების სფეროში – მიმდინარე წელს დაიწყება შიდა ქართლის რეგიონული არქივის შენობის მშენებლობა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივის შენობის პროექტირება.


შეხვედრაზე ისაუბრეს პენიტენციური სისტემის პრიორიტეტის – დიდი ზომის ნახევრად ღია დაწესებულებების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლების – შესახებ. ამ მიზნით ლაითურში 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება.

სისტემაში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე წელს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტ „ციფრული უნივერსიტეტის" ფარგლებში, დაგეგმილია ციფრული სწავლების გაფართოება და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვა.

გაგრძელდება სპორტული ფესტივალების ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდა და იგეგმება სპორტული ინვენტარით სრულად აღჭურვა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე ზრუნვასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას როგორც ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. ამ მიზნით 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პირველად, პენიტენციურ დაწესებულებებში 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები ერთჯერადი უფასო კვებით არიან უზრუნველყოფილი; 24-საათიანი სამორიგეო ცვლა კი, სამჯერადი კვებით არის უზრუნველყოფილი.


სამომავლო გეგმებს შორის ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, დასაქმებულ მსჯავრდებულთა და სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობის ზრდაზე. აღინიშნა, რომ დაგეგმილია გათავისუფლებისთვის მომზადების კონცეფციის შემუშავება.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების პროექტირება-მშენებლობის დაწყებაზე, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობის პროექტირებასა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვაზე, დაწესებულებების საჭიროებების გადაჭრის გეგმებზე.


აღინიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება ახალი OIS პროგრამით ხორციელდება. ახალი OIS პროგრამა არის მოქნილი საინფორმაციო სისტემა, რომელიც არა მხოლოდ თითოეულ პატიმარზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა, არამედ სტატისტიკური და ანალიტიკური ხასიათის მონაცემების ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობას ქმნის.


თათბირზე განიხილეს საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები. აღინიშნა, რომ 2023 წელს იგეგმება ახალი პენიტენციური კოდექსის მიღება, რომელიც გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. მაგალითად, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო; გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.


აქტიურად გაგრძელდება აფხაზურ, ოსურ და სხვა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე სამართლებრივი აქტების თარგმნისა და საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსების პროცესი. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, ჯამში, 60 ნათარგმნი ნორმატიული აქტია ხელმისაწვდომი, რომელთა რაოდენობა 2023 წლის ბოლოსთვის 100-მდე უნდა გაიზარდოს.


კვლავ პრიორიტეტული იქნება სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო დასკვნებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება. ამ მიზნით, გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან. აგრეთვე, აქტიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში. ამასთან, 2023 წელს დაგეგმილია ჟურნალ „იუსტიციის" ოთხი ნომრის გამოცემა და ახალი იურიდიული ონლაინ სადისკუსიო პლატფორმის ამოქმედება.

იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისათვის განხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების დანერგვასა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე ორიენტირებული პროექტები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადების მნიშვნელობას და წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ახალი სასწავლო პროგრამების შესახებ. ყურადღება გამახვილდა 2023 წელს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის განკუთვნილი ახალი სასწავლო ბაზის გახსნაზე.


2023 წლის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს სტუდია „იუსტიციის" ფუნქციონირების დაწყება. სტუდია იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, მოახდენს იურიდიული პროფესიის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში. მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთს ყველა დავა მოუგო სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, აქტიური მუშაობა წარიმართება, რათა ეფექტიანად აღსრულდეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები.


ყურადღება გამახვილდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ საჩივრების კლების მკვეთრ ტენდენციაზე. კერძოდ, 2023 წლის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 155 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია. შედარებისთვის: 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს. საერთაშორისო სასამართლოში საჩივრების აშკარა კლება საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების გამოხატულებაა, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობას დაუბრუნდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა და მათ საკუთარი უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით შეუძლიათ.


აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო არბიტრაჟებში. მიმდინარე წელს პრიორიტეტი იქნება გასულ წელს მოგებული 3 დავის აღსრულება, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფომ თავიდან აიცილა 330 მილიონი ლარის ოდენობის ზიანი და მოიპოვა 187 მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღების უფლება. მეორე მხრივ, გაგრძელდება კეთილსინდისიერ ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა ფარგლებშიც სამართლიანად იქნება დაბალანსებული საჯარო და კერძო ინტერესები.


ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესის კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობისთვის 2023 წელს ამოქმედდება ელექტრონული პორტალი, სადაც აისახება ევროკავშირის ყველა სამართლებრივი აქტი, რომლებთან დაახლოებაც საქართველოს ევალება და ავტომატურ რეჟიმში მოხდება სამართლებრივი ჰარმონიზაციის დონის გაზომვა. ზემოაღნიშნულის პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ ექსპერტიზას გაუკეთებს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიზნით შემუშავებულ ნორმატიულ აქტებს.


იუსტიციის სფეროში სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიზნით მიმდინარე წელს მაღალი დონის შეხვედრები და სამართლებრივი ფორუმები გაიმართება 20-მდე სახელმწიფოსთან, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას და, მეორე მხრივ, შექმნის საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის სამართლებრივ საფუძველს.


შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრსა და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.