გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

10-02-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თურქ კოლეგას – თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრ მაჰმუდ ოზერს ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.


მიხეილ ჩხენკელი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეუძლებელია სიტყვებით იმ ტრაგედიის გადმოცემა, რაც დღეს სტიქიის ზონაში ხდება. ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა ქვეყნისთვის მართლაც აუნაზღაურებელი დანაკლისი და უდიდესი ტკივილია.


მინდა, ამ მძიმე წუთებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით გულითადი თანადგომა გამოგიცხადოთ. პირადად მე, თითოეული ჩვენგანი, სრულიად საქართველო ვდგავართ თქვენს გვერდით და შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დახმარება გავუწიოთ სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას.


საქართველოს მთავრობა აგრძელებს მისი მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.


დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ დაზარალებულთა საჭიროებებზე და მათ დახმარებაზე. ქართველი მეხანძრე-მაშველები ახლაც აქტიურად არიან ჩართულნი სამაშველო ღონისძიებებში და სტიქიის ადგილზე, თურქ ხალხთან ერთად,  დაუღალავად იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.


კიდევ ერთხელ, მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო თურქი ხალხის მიმართ და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.“