10-02-2023
ჩვენ ვამბობთ, ვისწრაფვით დასავლეთისკენ, დავუბრუნდეთ ევროპას, ეს სიტყვები შეიძლება იქცეს იდეოლოგიებად, ისე, როგორც ვაშენებთ კომუნიზმს, აყვავებულ სოციალისტურ საქართველოში ვცხოვრობთ, ამად არ იქცეს, ესაა პრობლემა - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა ლევან გიგინეიშვილმა ტვ „გირჩის“ ეთერში, ვახტანგ მეგრელიშვილის გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.
ლევან გიგინეიშვილის თქმით, ხანდახან ისე წარმოაჩენენ, თითქოს საქართველოს ისტორია ყოფილა თანმიმდევრული სვლა ევროპული სახლისკენ, თითქოს ევროპული სახლი ყოველთვის იყო მარადიული ფასეულობა, რაღაც ფენომენი და იქითკენ მივდიოდით ყოველთვის, ან ერთხელ მოვწყდით და ახლა ვუბრუნდებით მას და დავბრუნდეთ ევროპაში. ასეთი აღქმა არ არის სწორი.
„დღეს ჩვენ ევროპის ინტეგრაცია გეოგრაფიულ ცნებასავით გვაქვს, რაღაც გაუაზრებლად, ინტუიციურად ვამბობთ ამას. დავუკვირდეთ რა არის. მეც ვფიქრობ, რომ ევროპაში მოხდა ისეთი სულიერი ფენომენი, რასაც უკან დაბრუნება აღარ აქვს. სულიერი მოვლენა მოხდა, თუ ის არ გაიზიარე, მაშინ მოწყდები კაცობრიობის ზრდასრულობას. რენესანსი, განმანათლებლობა არ არის ისეთი მოვლენები, რაც შეიძლება მოხდა და მერე უკან დაბრუნდეს. თუ უკან შეიქცა, დეგრადაცია იქნება. ის ხარისხი თავისუფლების, რაც ამ ფენომენებმა დაბადეს, საზიდია, შენ ვეღარ გადააგდებ თავისუფლების ამ ხარისხს, როგორც რაღაც გამონაზარდს.
მარტო ინსტიტუციები ხომ არ არის, ინსტიტუციებს წინ უძღვის ნებელობა და შენი ენერგია, რომ ის ინსტიტუციები სისხლიანი იყოს, თორემ თუ ეს ენერგია და ნებელობა არ გაქვს, მაშინ ის ინსტიტუციები იხრწნება. ევროპასაც შეიძლება ეს დაემართოს, ინსტიტუციების გახრწნა და ამერიკასაც, ამიტომ გარანტია არ არის მანდ მხოლოდ ინსტიტუციები.
ინსტიტუციების ფორმა არ არის პანაცეა. ჩვენ გვაქვს ის ენერგიები, რომ გვინდა დავიცვათ ეს? ესაა პრობლემა ჩვენთან. შეიძლება ფასადურად გვაქვს მარტო და არა შინაგანად არ გვქონდეს. მაგალითად თუნდაც ის, რომ გვინდა ევროკავშირში, გააზრებული გვაქვს, რას ნიშნავს ეს? თუნდაც ეკონომიკურად, მე არ მაქვს მაგალითად გააზრებული, არ ვიცი. არსად არ წამიკითხავს ნაშრომი ქართულად, წიგნად დაწერილი, სადაც ჩემთვის, უბრალო ქართველი ობივატელისთვის იქნება დასაბუთებული, რატომ იქნება უკეთესი ეკონომიკურად საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლა, ქართული ღვინო რატომ გაიყიდება უკეთესად, ვიდრე ახლა იყიდება, რატომ წაადგება ეს ქართველ გლეხს, კონკრეტულად რას იგრძნობს აქედან ქართველი გლეხი, ფერმერი. ეს ყველაფერი ჩამოწერილი რომ იყოს, წავიკითხო და ენთუზიაზმით ავივსო, რომ რა კარგი იქნება მართლა ეს რომ მოხდეს.
შეიძლება სხვანაირი რამ მოხდეს, წავიკითხო ეკონომისტის დაწერილი წიგნი და ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეკონომიკურად ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება ამიტომ და ამიტომ. ეგეც საინტერესო იქნება, მაგრამ ასეთი მსჯელობა არ გამიგია. არსად არ არის, სადაც მე, არა ეკონომისტი ამას წავიკითხავდი და ჩემს დამოკიდებულებას განვავითარებდი. ძალიან კარგ ეკონომისტებთან შეიძლება ამაზე ილაპარაკო და რაღაცებს აგიხსნიან, პლუსებს, მინუსებს, მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს მისაწვდომი. კახელმა ფერმერმა ხომ უნდა იცოდეს, რატომ უნდა დათანხმდეს ევროკავშირში შეერთების პროექტს, თუ ტარიფები იქნება ასეთი და ასეთი, გამომადგება მე ეს ტარიფები, თუ არ გამომადგება, იქნებ ახლა უკეთესად ვცხოვრობ, იქნებ ახლა შემიძლია შვილები გავუშვა კარგ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც ახლა ვარ და ის ტარიფები რომ იყოს, ვეღარ შევძლებ ამას? ასეთი მსჯელობები უნდა იყოს“ - მიიჩნევს ლევან გიგინეიშვილი.
მისი თქმით, სამწუხაროდ, არის ასეთი დამოკიდებულება - თითქოს ნული ვარ და ერთიანი უნდა მიმიწეროს.„იმან, რამაც ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნული სახე, მე-19 საუკუნეში, რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის, გრიგოლ ორბელიანის სიტყვებია, მაგრამ - ჩამოვყალიბდეთ ახალ ერად - ამას რომ აყალიბებდნენ ჩვენი დამფუძნებელი მამები, თერგდალეულები, შეგნებულად ევროპული პროექტი იყო, ამავე დროს ეს პროექტი ძირეულად ქართულ ფესვებზე იყო დაფუძნებული. „წარსულ ნერგზედ ახალ ნამყენის ველოდებით შეხორცებას“ - აკაკი რომ ამბობს. აქ ახალი ნამყენიც მნიშვნელოვანია, მაგრამ წარსული ნერგიც ასევე მნიშვნელოვანია.
ესენი არ არიან ეროვნული ნიჰილისტები, ხედავენ, რომ საქართველო თავისი დიდი ისტორიით მოდის, მნიშვნელოვანი ფასეულობები აქვს, ეროვნული ხასიათი აქვს, ტემპერამენტები აქვს, ცოდნები, კულტურული მიღწევები აქვს, ევროპაც არის და ევროპაა განათლებული, ხედავენ, ევროპაა განვითარებული და ამ განვითარებას ჩვენ უნდა მხარი ავუბათ, შემოვიყვანოთ ჩვენში, თორემ ჩამოვრჩებით, ეს აშკარად არის. ილია ამბობს, ვიცხოვროთ როგორც განვითარების ლოგიკით - „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“, არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, თორემ ჩინელები დადიანო წრეზეო და ჩვენ უნდა ვიყოთ განვითარებისკენო, როგორც ევროპელები არიანო. ჩინელების და ევროპელების დაპირისპირება ჰეგელის დაპირისპირებაა. ჰეგელის იდეა აქვს აღებული ილია ჭავჭავაძეს, რომ ჩინელებივით არ უნდა ვიტრიალოთ წრეზეო, უნდა განვვითარდეთ, თვითონ ხედავს ამას, მაგრამ წარსულის მნიშვნელოვანია ამ დროს“ - აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.
აქვე იგი დასძენს, რომ „ევროპას მხარი უნდა ავუბათ, შემოვიყვანოთ ჩვენში, თორემ ჩამოვრჩებით, მაგრამ წარსულიც მნიშვნელოვანია ამ დროს, კონსერვატიული და ნოვატორული ფასეულობები ჰარმონიაში უნდა მოვიდეს ერთმანეთთან, ისე კი არა, რომ გადავხაზოთ ძველი რაც გვაქვს იმ ახლის გაფეტიშების ხარჯზე“.
„ჩვენ სად ვართ ამ ყველაფერში? ეს საბჭოთა დროინდელი დამბლა, განათლების სისტემაში რაც იყო, რომ ასე უნდა შეგეხედა რეალობისთვისო, ასე უნდა დაგეწერა ამ ლიტერატურულ ნაწარმოებზე, შაბლონები, ძირითადი ტენდენცია იყო ასეთი, რომ შენგან დამოუკიდებლად ყველაფერი უკვე ახსნილია ამ იდეოლოგიურ ჩარჩოებში და ამან შეჩვევა იცის. რომ დასრულდა საბჭოთა კავშირი მოულოდნელად, ეს ჩვეულება გამოგვყვა, დღესაც ბევრწილად ამ ჩვეულების ქვეშ ვართ და შეიძლება ეს სიზარმაცე აზროვნებაში გადაიზარდოს, იმაში, რომ ჩვენ ევროპაც ასე გავიაზროთ შაბლონურად, გაუაზრებლად, კერპოვნულად, როგორც აქამდე იყო - კომუნიზმს ვაშენებდით, ახლა ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ რომ დაუკვირდე, რას ნიშნავს ევროპისკენ მივდივართ, ეს გულისხმობს ძალიან დიდ თავისუფლების ხარისხს, ძალიან დიდ განათლებას, კრიტიკული აზროვნების უნარს, გვაქვს ასე ყველაფერი? უფრო ხშირად არ გვაქვს ხოლმე და ევროპას აღვიქვამთ, როგორც უკეთესს ცხოვრებას, უფრო კარგ ჰიგიენის ნორმების, უფრო კარგი ტექნოლოგიას, მედიცინას“ - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.