2017 წლის 31 მარტს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიყიდა. სამივე ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.პრივატიზებული მიწის ნაკვეთები შეიძინა შპს „Green Village“-მ, რომელმაც 78 000 ლარი გადაიხადა. ქონების შემძენის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2017 წლის 11 აპრილს დარეგისტირდა.ოფიციალური მონაცემებით, შპს „Green Village“-ს (ს/კ – 204515774) მესაკუთრეები 2012 წლის 8 ივნისიდან არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ოლგა მოისეენკოვა (50 %-ის მფლობელი და დირექტორი) და მისი მამა – ვლადიმერ მოისეენკოვი (50 %).რუსი ბიზნესმენებისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთების მიყიდვის კონკრეტული მიზანი უცნობია, რადგან სახელმწიფოს მიერ კომპანიასთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, შპს „Green Village“-ს საკუთრებაში აქვს ასევე ლაგოდეხის სხვადასხვა სოფლებში მდებარე არაერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლებიც ფიზიკური პირებისგან არის ნაყიდი. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 183 000 კვ.მ-ს შეადგენს.საინფორმაციო ცენტრების ქსელმა დაადგინა, რომ „Green Village“-ს დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ოლგა მოისეენკოვა საქართველოში კიდევ 4 კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მეწილეა – შპს „ELITE DEVELOPMENT“, შპს „სან ლაით“, შპს „ფუდ ინთერთეიმენთ“ და შპს „ელიტ სერვისი“.შპს „ELITE DEVELOPMENT“-ის კაპიტალში 30 %-ს ვლადიმერ მოისეენკოვი ფლობს, დანარჩენი 70 %-ის მფლობელი კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებული კომპანია „AIRLINE TRANSPORT INCORPORATION“-ია. 2014 წელს კომპანია „ELITE DEVELOPMENT“-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციით ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, აშენდა სახლი „ქობულეთის რეზიდენცია“, რომელიც 313 ბინას და კომერციულ ფართებს მოიცავს.