14-02-2023
მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის განცხადება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საფრთხის შემცველია და ომის რისკებს ზრდის.
„მარია ზახაროვას განცხადება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე და მათი მოხსენიება „ახალგაზრდა რესპუბლიკებად“ სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების კიდევ ერთი სიტყვიერი ოკუპაცია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უსაფრთხოებაზე უპირველეს ყოვლისა ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება. ვერავინ ისე ვერ გაუფრთხილდება ჩვენი ძმების სიცოცხლეს, როგორც ქართველები.
უახლესი ისტორიის სისხლიანი ფურცლები ჩვენი საერთო შეცდომა იყო და დღეს ორივე მხარე ვცდილობთ, ერთმანეთთან მისასვლელი გზები ნდობით და მშვიდობით აღვადგინოთ. ზახაროვას განცხადება კი ჩვენს შორის ხიდჩატეხილობას ზრდის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.
იმედია, ქართველი ხალხი ხვდება, თუ რაოდენ სახიფათო გზაზე გადის დღეს საქართველო და რამდენად მნიშვნელოვანია ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკა, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს საომარ ვითარებაში. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება არცერთ პროვოკაციას არ წამოეგება და გონივრულად განაგრძობს ქვეყნის მართვას მშვიდობიანი გზით, რაც ერთადერთი გარანტია ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.