16-07-2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედია სრულიად საქართველოს პრობლემაა და საგანგებო განხილვას საჭიროებს.
ამის შესახებ ვოლსკიმ მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ამდენი ხალხის დაღუპვა არ არის ერთი და ორი ადამიანის, ან თუნდაც იმ დასახლების პრობლემა, ეს მთლიანად საქართველოს პრობლემაა და საგანგებო განხილვას საჭიროებს. მაგრამ, რამდენიც არ უნდა განიხილო, როგორი ძლიერი ინსპექტირების სისტემაც არ უნდა ჩამოაყალიბო, დამსაქმებელმა გაცილებით მეტი უნდა იზრუნოს, ალბათ, თუმცა პროფესიონალის დასკვნა არის საჭირო“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მოხდა დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია ოთხი პირი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სახის, მათ შორის თერმული დაზიანება ექვსმა პირმა მიიღო.