18-02-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს ოდილ რენო ბასოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე აგრძელებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
EBRD-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.